


საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის ტრენინგები საქართველოს პარლამენტის კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრში (PPRTC) ჩატარდა 3-დღიანი ტრენინგი - „პოლიტიკის მოკლე დოკუმენტის შემუშავება“. ტრენინგ-მოდული მოამზადეს და ჩაატარეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის (ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების) თანამშრომლებისათვის. ეს იყო ტრენინგის პირველი ეტაპი, რომელიც კიდევ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება ონლაინ სასწავლო რეჟიმში.
ტრენინგის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის პოლიტიკის მოკლე დოკუმენტის შემუშავების უნარების დახვეწა. თუმცა, ტრენინგის მიმდინარეობისას მსმენელებმა ცოდნა განიახლეს და გაიღრმავეს ისეთ საკითხებშიც, როგორებიცაა: პოლიტიკის პროცესი, მტკიცებულებათა როლი პოლიტიკის დაგეგმვაში, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეთა გამოვლენა და მათი ჩართვა, პოლიტიკის ალტერნატივების შემუშავება და მათი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკის მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდს. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ პრაქტიკულ ქეისებს და მათი ანალიზის საფუძველზე ადგილზევე შეემუშავებინათ პოლიტიკის მოკლე დოკუმენტები.
ტრენინგი ჩატარდა USAID დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ამ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე მოამზადა ორი სატრენინგო მოდული, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სასწავლო მოდულზე საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ PPRTC-ის ვებგვერდს: pprtc.iliauni.edu.ge
გალერეა