


ქართულ-ამერიკული ინიციატივა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ს მიჩიგანის უნივერსიტეტის ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას “თავისუფალი მეცნიერებები” ილიას უნივერსიტეტთან ერთად ორგანიზაცია „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა“ ახორციელებს. პროგრამა ეფუძნება ლიბერალური განათლების პრინციპებს და მუდამ ცდილობს სალექციო კურსების გარდა სტუდენტებისათის კურს-გარეშე აქტივობებსაც გაუკეთოს ორგანიზება.
ამჯერად ამ პროგრამის პროფესორის, მანანა ანასაშვილის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა მიღებული ცოდნა ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ გამოსცადეს. თამაში ეძღვნებოდა კურსს „მე-19 საუკუნის რომანი“; ორი გუნდი ეპაექრებოდა ერთმანეთს, ერთი-გუნდი შედგებოდა იმ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთაგან ვინც ეს კურსი 2009 და 2011 წელს გაიარა, ხოლო მეორე გუნდი იმ სტუდენტებისგან დაკომპლექტდა ვინც ახლახან დაასრულა ამ კურსის გავლა. კითხვები ორივე მხარემ მოუმზადა ერთმანეთს და ორივე გუნდი ქ-ნ მანანას დასმულ კითხვებსაც პასუხობდა. შეკითხვების უმეტესობა სასწავლო მასალის ანუ გავლილი რომანების თუ მათი ავტორების შესახებ ინფორმაციების კარგად ცოდნასა და გააზრებას მოითხოვდა, იყო ისეთი შეკითხვებიც, რომლებზეც პასუხის გაცემა ზოგად ერუდიციას და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვდა. თამაშში „რა? სად? როდის?“ წლევანდელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს. თუმცა მეორე გუნდიც ძალიან ძლიერი იყო და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს. ორივე გუნდმა აღიარა, რომ თამაში ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო, რომ ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს, არასოდეს დაავიწყდებათ ის, რაზეც პასუხი ვერ გასცეს, ახლა კი უკვე იციან და რაც მთავარია ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ მონაწილეობა იყო მნიშვნელოვანი და არა გამარჯვება.