


“ პოლონეთის როლი ევროკავშირში” - პოლონეთის ელჩის საჯარო ლექცია
25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის ელჩმა საქართველოში ურშულა დოროშევსკამ წაიკითხა საჯარო ლექცია პოლონეთის როლზე ევროკავშირში.
უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებთან შეხვედრაზე პოლონეთის ელჩმა განიხილა პოლონეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და ევროკავშირის ''აღმოსავლეთ პარტნიორობის'' თანამშრომლობის პერსპექტივები. ურშულა დოროშევსკამ აგრეთვე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ.
2004 წლის 1 მაისიდან პოლონეთი ევროკავშირის წევრია. ურშულა დოროშევსკა ვარშავის უნივერსიტეტის ექსპერტი და პედაგოგი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, 2008 წლიდან არის პოლონეთის ელჩი საქართველოში. იგი 90-იანი წლებიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტია, მოგზაურობდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, აქვეყნებდა სტატიებსა და კვლევებს როგორც პოლონურ, ასევე უცხოურ პრესაში. არასამთავრობო ორგანიზაციებში იყო სხვადასხვა პროექტის ავტორი. ეს პროექტები სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში დემოკრატიის განვითარებასა და კონფლიქტების გადაჭრას შეეხებოდა.