


კონფლიქტები და თანამშრომლობა კავკასიაში
12-13 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო რეგიონალური სემინარი "კონფლიქტები და თანამშრომლობა კავკასიაში: ახალი რეალობა და დიალოგის ძიება". კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის ინიციატივით გამართული სემინარის მთავარი მიზანი იყო იმ ახალი რეალობისა და გამოწვევების განხილვა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში კავკასიაში დრამატულად განვითარებული მოვლენების საფუძველზე შეიქმნა. ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა ბოლო პერიოდში მომდინარე პროცესების პოლიტიკური ანალიზი წარმოადგინეს. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა მეცნიერთა და საზოგადოების წარმომადგენელთა თანამშრომლობის შესაძლებლობა რეგიონში დიალოგის განვითარების თვალსაზრისით.
სემინარში მონაწილეობდნენ: პოლიტოლოგი, კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორი გია ნოდია, საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ლაშა დარსალია, პოლიტოლოგი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელი არჩილ გეგეშიძე, ასევე ანატოლიური კვლევების ფრანგულ ინსტიტუტთან არსებული კავკასიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი თორნიკე გორდაძე. "ახალი ეტაპი თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში: პერსპექტივები და ამ ურთიერთობების გავლენა რეგიონზე" , "რუსული ურთიერთობების განვითარება კავკასიაში 2008 წლის აგვისტოს შემდგომ" - ეს და სხვა მოხსენებები წარმოადგინეს ადგილობრივმა და მოწვეულმა ექსპერტებმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ინგუშეთის რესპუბლიკიდან, ყარაჩაი - ჩერქეზეთიდან.