ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კლივლენდის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის რეგიონული განვითარების სააგენტოსთან ერთად დაიწყო პროექტი საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის, სამეწარმეო განათლებისა და საუნივერსიტეტო კვლევების მიმართულებით. პროექტს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

8 თებერვალს საპარტნიორო პროექტთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ მაქსინ გუდმან ლევინის ურბანულ საქმეთა კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრის, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონტე აჰუას ურთიერთობისა და ჩართულობის ცენტრისა (CSU) და თბილისის რეგიონული განვითარების სააგენტოს (RDA) წარმომადგენლები.

პროექტის მიზანია საქართველოში მეწარმეობის, საუნივერსიტეტო კვლევებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის წახალისება და უნივერსიტეტებისა და სრულიად რეგიონის მასშტაბით სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნა.

კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, ნინო დობორჯგინიძეს, მენეჯმენტის, განათლებისა და ტექნოლოგიების სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელ დიმიტრი ჯაფარიძეს, ასევე ფაკულტეტისა სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს.

შეხვედრებზე განიხილეს ინტერდისციპლინურ გარემოში სამეწარმეო განათლების გამოწვევები, სწავლებასა და სამეცნიერო კვლევებში ფაკულტეტის მონაწილეობა, სტუდენტთა ჩართულობა საგანმანათლებლო და კლასგარეშე აქტივობებში, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი რეგიონული სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში.

კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი და სამუშაო სივრცე; შეხვდნენ პერსონალს და განიხილეს ლაბორატორიაში მიმდინარე თუ დასრულებული სტუდენტური პროექტები, ისაუბრეს ინტეგრირებულ სამეწარმეო ეკოსისტემაში სამომავლო განვითარების ხედვებზე.

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

პროგრამა ხორციელდება ამერიკის საელჩოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით.

 

 

ბანერები