


ილიაუნის სოციოლოგიის დოქტორანტმა ელის ბაქრაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტი მოიპოვა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტმა, ელის ბაქრაძემ, მოიპოვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტების კვლევითი გრანტი.
ელის ბაქრაძის სადოქტორო ნაშრომი მიზნად ისახავს შეისწავლოს ,,რელიგიური იდენტობის თავისებურებები სამცხე-ჯავახეთის სომხურ თემში პოსტ-საბჭოთა საქართველოს რელიგიური ტრანსფორმაციის კონტექსტში".
კვლევითი ნაშრომი შეისწავლის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კომპაქტურად მცხოვრები სომეხი თემის რელიგიურ თავისებურებებს როგორც ინსტიტუციურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. კვლევის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სომეხი თემის ყოველდღიურობაში რელიგიის შესწავლა და ამ თემაზე არსებული სამეცნიერო ვაკუუმის ამოვსება.
სადოქტორო კვლევა სწავლობს რელიგიას ადგილობრივი კულტურის, სოციალური აქტორების და ყოველდღიური რელიგიურობის პრიზმიდან.
კვლევითი გრანტი ელის ბაქრაძეს საშუალებას მისცემს სრულყოფილად იმუშაოს სადოქტორო ნაშრომზე, სიღრმისეულად იკვლიოს პოსტ-საბჭოთა პერიოდში ჯავახეთში მცხოვრები სომხური თემის რელიგიური პროცესები და იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები.
აღნიშნული სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფო ზვიადაძე.
ელის ბაქრაძე დაინტერესებულია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებით, კულტურით და ყოველდღიურობის კვლევით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ელის ბაქრაძეს და წარმატებას უსურვებს!
2023