ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნი ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ექვს ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (EIT) საგრანტო კონკურსის – EIT Higher Education Initiative / Call for Proposals 2024 – გამარჯვებულია და იწყებს ახალ საერთაშორისო პროექტს ELICIA - Empowering Leadership in Creative Innovation and AI-driven Entrepreneurship.

კონკურსის მიზანია ევროპული უმაღლესი განათლების ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ინოვაციური შესაძლებლობების განვითარების დაფინანსებითა და განათლებისა და კვლევის სფეროში ინსტიტუციური და სისტემური ცვლილებების ხელშეწყობით.

პროექტი ELICIA ხორციელდება EIT RawMaterials-ის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტრანსფორმაციას ინოვაციურ, შემოქმედებით და AI-ზე დაფუძნებულ ჰაბებად. ELICIA ხელს შეუწყობს სამეწარმეო კულტურის განვითარებას, ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და დისციპლინათშორის თანამშრომლობას განათლებას, მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის კავშირების გასაძლიერებლად.

პროექტის კონსორციუმში ხუთი ქვეყნის შვიდი პარტნიორია, მათ შორის ხუთი უნივერსიტეტი და ორი – ბიზნესაქსელერატორი:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • İstanbul Kültür University (თურქეთი)
  • Lappeenranta-Lahti University of Technology – LUT (ფინეთი)
  • Burgas Free University (ბულგარეთი)
  • National University of Theatre and Film "I.L. Caragiale" (რუმინეთი)
  • Startup Centrum (თურქეთი)
  • Anthology Ventures (ბულგარეთი)

ELICIA-ს ძირითადი ღონისძიებები (ორი წლის განმავლობაში):

  • სასწავლო მოდულების განვითარება და ტრენინგების განხორციელება ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, პროტოტიპირების, შემოქმედებისა და მეწარმეობის თემებზე;
  • ინოვაციური ლაბორატორიების შექმნა, რომლებშიც სტუდენტები, მკვლევრები და ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთობლივად იმუშავებენ პრაქტიკულ პროექტებზე;
  • ინდუსტრიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა: სტაჟირებები, კვლევა, მენტორობის პროგრამები და კვლევითი ინიციატივები;
  • სტარტაპ საინკუბაციო  და მენტორობის პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის.

ილიაუნი პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, როგორც ინოვაციებისა  და კვლევის რეგიონული ცენტრი.  უნივერსიტეტში დაფუძნდება:

  • რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია – სპეციალიზებული სივრცე კვლევისთვის, ექსპერიმენტებისა და ახალი ტექნოლოგიების დასანერგად;
  • საგანმანათლებლო ტრენინგმოდული მეწარმეობის, პროტოტიპირების, რობოტიკის, ინოვაციებისა და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით.

პროექტს ორი წლის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან უხელმძღვანელებს ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი FabLab-ისა და Zoomout-ის მონაწილეობით.

2025

ბანერები