ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერა უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციისგან (IAU)
განცხადებები
„მისაღები კვოტების მკვეთრი შემცირება და დასაშვები სასწავლო მიმართულებების შევიწროება საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის ფართო აკადემიურ მისიას და მის შესაძლებლობას, მოამზადოს მომავალი თაობები“
ძვირფასო ნინო დობორჯგინიძე,
იმ განსაკუთრებული გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოჩნდა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის პირობებში, მსურს გამოვხატო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Universities) მხარდაჭერა. ცოტა ხნის წინ გამოცხადებული ცვლილებები, მათ შორის მისაღები კვოტების მკვეთრი შემცირება და დასაშვები სასწავლო მიმართულებების შევიწროება საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის ფართო აკადემიურ მისიას და მის შესაძლებლობას, მოამზადოს მომავალი თაობები.
ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ გააერთიანა ამ გადაწყვეტილებებმა თქვენი პროფესორები, სტუდენტები და თანამშრომლები აკადემიური ავტონომიისა და ინსტიტუციური მთლიანობის დასაცავად. ეს არის ვითარება, რომელიც გამოცდის არა მხოლოდ თქვენი უნივერსიტეტის გამძლეობას, არამედ იმ საერთო ღირებულებებსაც – ღიაობას, კრიტიკულ აზროვნებას და აკადემიურ მრავალფეროვნებას – რომლებიც განსაზღვრავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებას და მის გავლენას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის რანგში მსურს, დავადასტურო, რომ IAU თქვენ გვერდით დგას. თქვენი ხელმძღვანელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები განასახიერებენ იმ პრინციპებს, რომლებიც უმაღლესი განათლების საზოგადოებრივი სიკეთის საფუძველს ქმნის, პრინციპს, რომლის დაცვასა და განვითარებასაც ჩვენი გლობალური ქსელის მეშვეობით ვემსახურებით.
გვსურს, იცოდეთ, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო თანამშრომლობით, დიალოგითა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ასევე თქვენი ხმის გაძლიერებით იმ ფორუმებში, სადაც განიხილება უმაღლესი განათლების პოლიტიკა, ავტონომია და აკადემიური თავისუფლება.
საერთაშორისო უმაღლესი განათლების საზოგადოება დიდი პატივისცემით ადევნებს თვალს, თუ როგორი ღირსებითა და მიზანდასახულობით უპირისპირდებით ამ ზეწოლას.
დიდი სოლიდარობითა და პატივისცემით,
Hilligje van't Land
გენერალური მდივანი
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია (IAU)
2026