ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) საქართველოში უნივერსიტეტების ავტონომიის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიური მმართველობის დაცვისკენ მოუწოდებს

ახალი ამბები

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) საბჭო შეშფოთებით ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და გადაწყვეტილებებს.

ეს ეხება 2025 წლის ბოლოს წარმოდგენილ „უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციასა“ და ბოლო თვეებში მიღებულ შემდგომ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ზომებს. ეს ინიციატივა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რესტრუქტურიზაციას, რასაც ექნება საყურადღებო და გრძელვადიანი შედეგები ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, რაც თავის მხრივ გამოიწვევს საუნივერსიტეტო სექტორის შემდგომ იზოლაციას ევროპულ ასპარეზზე.

ზემოთ ხსენებული ფართომასშტაბიანი რეფორმა ბევრ კომპონენტს მოიცავს: სიღრმისეულ გეოგრაფიულ და დისციპლინურ რეორგანიზაციას, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების სტანდარტიზაციას, სასწავლო პროგრამებისა და მასალების გადახედვას, უნივერსიტეტების წესდებებისა და აკადემიური პერსონალის ხელფასების ცვლილებას, უნივერსიტეტებში სტუდენტური ადგილების განაწილებას შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე და დაფინანსების მოდელის გადახედვას „სახელმწიფო საჭიროებებზე“ დაყრდნობით.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) აღიარებს სახელმწიფოს როლს სისტემის რეგულირების საკითხებში, რეფორმების ინიციირებაში, ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრასა და პოლიტიკის დღის წესრიგის სტიმულირებაში, რეფორმის პროცესი უნდა იცავდეს უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ პრინციპებს. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული. გარდა ამისა, პროცესში უნდა მონაწილეობდეს ყველა დაინტერესებული მხარე და ინსტიტუცია, რომლებზეც რეფორმამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს.

რეფორმის პროცესმა ასევე უნდა გაითვალისწინოს გარდამავალი პერიოდები, რაც საჭიროებისამებრ სამოქმედო გეგმის შეფასებისა და ადაპტაციის საშუალებას იძლევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც შემოთავაზებულ ზომებს შესაძლოა არსებითი ან სხვადასხვაგვარი გავლენა ჰქონდეს ცალკეულ ინსტიტუციაზე, მათ აკადემიურ პროფილებსა და გრძელვადიან განვითარებაზე. უმაღლესი განათლების სისტემის სტრუქტურული ცვლილებები, ისეთი მასშტაბის, როგორიც საქართველოშია შემოთავაზებული, წარმოშობს შორსმიმავალ, რთულად პროგნოზირებად შედეგებს. ამიტომ, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღებით საკითხის განხილვა, რადგან ეფექტის შეცვლა მომავალში რთული იქნება.

ბოლო 25 წლის განმავლობაში, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) მხარს უჭერს ევროპის უმაღლესი განათლების სექტორს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევებითა და შესაძლებლობების განვითარებით. კერძოდ, ასოციაციამ შეისწავლა ურთიერთობა სახელმწიფოსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის „უნივერსიტეტების ავტონომიის ინდექსის“ (Autonomy Scorecard) მეშვეობით. წარმატებული რეფორმები, როგორც წესი, აძლიერებს ინსტიტუციურ ავტონომიას, მრავალფეროვნებასა და ინტერდისციპლინურ შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უმაღლესი განათლების სისტემა დგას საქართველოს მსგავსი გამოწვევების წინაშე, სხვა ევროპულ ქვეყნებში განხორციელებულ ბოლოდროინდელ რეფორმებს არ შემოუთავაზებიათ დისციპლინური სფეროების ასეთი მკვეთრი შემცირება ან გარდაქმნა. ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ინსტიტუციურ ეფექტურობას, სიცოცხლისუნარიანობას, მდგრადობასა და ავტონომიას. საქართველოში შემოთავაზებული რეფორმის ელემენტები ამ მხრივ შეშფოთებას იწვევს.

რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ასპექტია მასშტაბური „რაციონალიზაციის“ მცდელობა, რაც უნივერსიტეტებს მნიშვნელოვნად შემცირებული და შეზღუდული აკადემიური პროფილის მქონე სპეციალიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებად გარდაქმნის. ზომები, რომლებიც არსებითად ზღუდავს იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა შეთავაზების უფლებაც უნივერსიტეტებს აქვთ, შეაფერხებს მათ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ მრავალფეროვანი აკადემიური გარემო და ინტერდისციპლინური თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ EUA მხარს უჭერს და ახალისებს უნივერსიტეტებს სტრატეგიული პროფილების განსაზღვრისკენ, ეს ყოველთვის ისე უნდა ხდებოდეს, რომ შენარჩუნდეს და გაღრმავდეს ინსტიტუციის ინტერ- და ტრანსდისციპლინური შეთავაზება როგორც კვლევით, ისე სასწავლო საქმიანობაში. კონცეფცია „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ ასევე რისკის ქვეშ აყენებს უნივერსიტეტის სამ ძირითადი მისიის (კვლევა, სწავლება და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა) ერთიანობას.

რეფორმის შედეგები საქართველოს საუნივერსიტეტო სფეროსთვის კომპლექსური და მრავალწახნაგოვანი იქნება. ცალკეულ შემთხვევებში მოსალოდნელი შედეგები იმდენად ფუნდამენტური და გრძელვადიანია, რომ ისინი პირდაპირ აისახება ინსტიტუციურ იდენტობაზე, აკადემიურ ექსპერტიზასა და საერთაშორისო აღიარებაზე. რეფორმა კონტროლს აწესებს არა მხოლოდ აკადემიურ პროგრამებზე, ადგენს ცენტრალიზებულ და სტუდენტთა ყოველწლიურ კვოტებს, არამედ ძირს უთხრის ინსტიტუციურ მმართველობასა და სტრატეგიულ დაგეგმვას იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტებს სასიცოცხლოდ ესაჭიროება სტრატეგიული ავტონომია დღევანდელ კომპლექსურ გამოწვევებსა და „მრავალმხრივ კრიზისში“ მანევრირების შესაძლებლობისთვის.

უნივერსიტეტების მიერ საკუთარი მისიის შესრულებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებისთვის აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. EUA ასევე ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია ინტერდისციპლინური მიდგომების სრულად შენარჩუნება და გამოყენება უნივერსიტეტის სამივე მისიის [სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი მსახურება] ფარგლებში, რაც ასახულია ჩვენს 2030 წლის ხედვაში „უნივერსიტეტები კედლების გარეშე“ (‘Universities without walls’ 2030). ასოციაციას მიაჩნია, რომ სტრუქტურულ რეფორმებს საფუძვლად უნდა დაედოს ფართომასშტაბიანი, სიღრმისეული კონსულტაციები, წინასწარი ანალიზი და გადამოწმება. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ რეფორმები იყოს მიზანთან შესაბამისი, რეალისტური, პროპორციული და შეესაბამებოდეს როგორც უმაღლესი განათლებისა და კვლევის სექტორის, ისე ფართო საზოგადოების ინტერესებს.

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) კვლავ ადასტურებს ერთგულებას საჯარო დებატებისა და საზოგადოების ინფორმირების პრინციპების მიმართ. ასოციაციის მმართველი საბჭო მზად არის, ჩაერთოს დიალოგში ხელისუფლებასთან და საქართველოს აკადემიურ წრეებთან, რათა გაუზიაროს მათ საკუთარი გამოცდილება, მტკიცებულებები და შედარებითი ანალიზის შედეგები. ასოციაციას მსგავსი წვლილი არაერთხელ შეუტანია ევროპის მასშტაბით უმაღლესი განათლების რეფორმირების მრავალწლიან პროცესში.

წყარო: https://tinyurl.com/4fxsa59m

2026

ბანერები