ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში Digi-CHange-ის ლაბორატორია შეიქმნა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში Erasmus+ CBHE პროექტის „ციფრული ტრანსფორმაცია და სასწავლო პროგრამების განვითარება ჯანდაცვის გუნდებისთვის“ (Digi-CHange) ფარგლებში შეიქმნა Digi-CHange-ის ლაბორატორია. ლაბორატორიის მიზანია სამედიცინო განათლებაში ციფრული ჯანმრთელობის ტექნოლოგიების ინტეგრაციის ხელშეწყობა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის პრაქტიკული სწავლების, ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომებისა და კვლევითი საქმიანობის შესაძლებლობების გაფართოება.
ლაბორატორია აღჭურვილია პროექტით შეძენილი თანამედროვე ციფრული დიაგნოსტიკისა და ვიზუალიზაციის ტექნოლოგიებით, მათ შორის MoticFlexScan 6 მიკროსკოპული პრეპარატების ციფრული სკანერითა და Riester RCS 100 ციფრული დერმატოსკოპით.
MoticFlexScan მიკროსკოპული პრეპარატის სკანირების სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს ჰისტოლოგიური პრეპარატების მაღალი გარჩევადობით გაციფრებას სინათლისა და ფლუორესცენციული ვიზუალიზაციის მეთოდებით. მიღებული ციფრული გამოსახულებების დათვალიერება, ანალიზი, შენახვა და ელექტრონულად გაზიარება შესაძლებელია და ხელს უწყობს ჰისტოლოგიისა და პათოლოგიის ინტერაქციულ სწავლებას. ტექნოლოგია ასევე ქმნის ციფრული საგანმანათლებლო კოლექციების შექმნის, დისტანციური მიკროსკოპიის სესიების ჩატარების, კლინიკური შემთხვევების ერთობლივი განხილვისა და ციფრული პათოლოგიისა და გამოსახულებათა ანალიზის მიმართულებით კვლევების შესაძლებლობებს.
Riester RCS 100-ის ციფრული დერმატოსკოპი უზრუნველყოფს კანის წარმონაქმნების დეტალურ ვიზუალიზაციასა და ციფრულ დოკუმენტირებას, რაც ხელს უწყობს დერმატოლოგიისა და კლინიკური გამოკვლევის პრაქტიკულ სწავლებას. აპარატის დახმარებით სტუდენტებს შეუძლიათ კანის წარმონაქმნების დერმატოსკოპიული მახასიათებლების შესწავლა, კლინიკური შემთხვევების განხილვა და დერმატოლოგიური გამოსახულებების ინტერპრეტაციის უნარების განვითარება. შესაძლებელია აღჭურვილობის ტელედერმატოლოგიისა და დისტანციური კონსულტაციების მიმართულებით საგანმანათლებლო აქტივობებში გამოყენებაც.
ეს ტექნოლოგიები ქმნის საფუძველს სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამაში ციფრული დიაგნოსტიკის, ტელემედიცინისა და სამედიცინო გამოსახულებებზე დაფუძნებული სწავლების ინტეგრაციისთვის. ამასთან, ხელს უწყობს ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებასა და სამედიცინო გამოსახულებების ანალიზისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პოტენციალის კვლევას შესაბამისი ეთიკური სტანდარტებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით.
Digi-CHange-ის ლაბორატორიის შექმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების განვითარების მიმართულებით. ლაბორატორია ხელს შეუწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კომპეტენციებთან დაკავშირებას და ჯანდაცვის პროფესიონალების მომზადებას თანამედროვე, ტექნოლოგიებზე სულ უფრო მეტად დაფუძნებულ სამედიცინო გარემოში საქმიანობისთვის.
Digi-CHange პროექტი ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
2026