ილიაუნის ასისტენტ-მკვლევარი ელენე მიდელაშვილი პასკალის პრემიით დაჯილდოვდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის კოსმიური კვლევის ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის კვლევის დეპარტამენტის ასისტენტ-მკვლევარი ელენე მიდელაშვილი პასკალის პრემიით დაჯილდოვდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში The Astrophysical Journal სტატიის Kinematic Fragmentation and Resolution-dependent Fading of Type II Spicules გამოქვეყნებისთვის.
გამოცემა: The Astrophysical Journal (2026), Volume 1008, Article 149 — ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების (American Astronomical Society) საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალია, რომელსაც გამოსცემს IOP Publishing-ი და ინდექსირებულია Clarivate-ის Web of Science Core Collection-ში. ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორია 5.7. მასში დაბეჭდილია ასტრონომიის, ასტროფიზიკის, მზის ფიზიკისა და პლაზმის ფიზიკის მიმართულებით ჩატარებული თეორიული, დაკვირვებითი და რიცხვითი კვლევები.
კვლევის შესახებ
სტატიაში შესწავლილია მზის ქრომოსფეროში არსებული II ტიპის სპიკულების სწრაფი გაფერმკრთალებისა და დაკვირვებებიდან გაქრობის ფიზიკური მექანიზმები. სპიკულები მზის ატმოსფეროში წარმოქმნილი სწრაფი, ვიწრო პლაზმური ნაკადებია. ითვლება რომ ისინი აქტიურად მონაწილეობენ მასისა და ენერგიის გადატანის პროცესებში. II ტიპის სპიკულების შესწავლას განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს, რადგან უკავშირდება მზის ფიზიკის ორ ფუნდამენტურ და დღემდე ბოლომდე გადაუჭრელ საკითხს — მზის გვირგვინის მაღალ ტემპერატურამდე გაცხელების მექანიზმებსა და მზის ქარის აჩქარების პროცესებს.
კვლევის დროს ჩატარებული მაღალი გარჩევადობის 2.5-განზომილებიანი მაგნიტოჰიდროდინამიკური (MHD) რიცხვითი სიმულაციებით ნაჩვენებია, რომ სპიკულის განივი რხევების შედეგად განვითარებული კელვინ–ჰელმჰოლცის არამდგრადობა იწვევს თავდაპირველად ერთიანი პლაზმური ნაკადის წვრილმასშტაბიან სტრუქტურებად ფრაგმენტაციას. თეორიული გამოთვლებით მიღებული არამდგრადობის ზრდის ტემპი კარგად შეესაბამება სიმულაციების შედეგებს.
კვლევისას ასევე განხორციელდა სინთეზური დაკვირვებითი მოდელირება, რომლის დროსაც სიმულაციების შედეგები დამუშავდა მსოფლიოში უდიდესი მზის ტელესკოპის (DKIST) და NASA-ს კოსმოსური ობსერვატორიის (IRIS) მსგავსი სივრცული გარჩევადობის გათვალისწინებით. ანალიზმა აჩვენა, რომ ფრაგმენტირებული პლაზმური სტრუქტურები მაღალი გარჩევადობის პირობებში შეიძლება ხილული დარჩეს, ხოლო დაბალი გარჩევადობისას მათი კონტრასტი მნიშვნელოვნად შემცირდეს და სპიკული დაკვირვებიდან გაქრეს.
კვლევის მთავარი შედეგია, რომ სპიკულის დაკვირვებითი გაქრობა ყოველთვის არ ნიშნავს პლაზმის სწრაფ გაცხელებას, გარკვეულ პირობებში გაფერმკრთალება შესაძლოა გამოწვეული იყოს კელვინ–ჰელმჰოლცის არამდგრადობით განპირობებული ფრაგმენტაციითა და დაკვირვების შეზღუდული სივრცული გარჩევადობით.
მიღებული შედეგები ხელს უწყობს მზის ატმოსფეროში მიმდინარე დინამიკური პროცესების უკეთ გააზრებას, დაკვირვებითი მონაცემების ინტერპრეტაციას და ქმნის საფუძველს შემდგომი დაკვირვებითი და რიცხვითი კვლევებისთვის.
სტატია იხილეთ ბმულზე: https://doi.org/10.3847/1538-4357/ae92ff
2026