ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აფორმებს პირველ შეთანხმებას დოქტორანტურის კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის შესახებ

2019 წლის მაისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმა პირველი საერთაშორისო შეთანხმება დოქტორანტურის კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის შესახებ. პარტნიორი ინსტიტუცია არის ბელგიის გენტის უნივერსიტეტი და ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე ორივე უნივერსიტეტი შეთანხმდა დოქტორანტ მარიამ გაბელაიას სადოქტორო კვლევების ფარგლებში თანამშრომლობაზე.

მარიამი სწავლობს დოქტორანტურაში ეკოლოგიის სამეცნიერო მიმართულებით და მისი კვლევა ფოკუსირდება კავკასიური კლდის ხვლიკების სახეობებზე. მარიამის ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან არის პროფ. დავით თარხნიშვილი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი), ხოლო გენტის უნივერსიტეტის მხრიდან _ პროფ. დომინიკ ადრიაენსი (ბიოლოგიის განყოფილება). ერთობლივი დოქტორანტურა (რასაც ხშირად იხსენიებენ, როგორც „კოტუტელს“) უმეტეს შემთხვევაში არის ბილატერალური თანამშრომლობა ორ უნივერსიტეტს შორის, რომელიც აძლევს დოქტორანტს შესაძლებლობას, განახორციელოს კვლევა ორივე პარტნიორ ინსტიტუციაში. შესაბამისად, სადოქტორო ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელია სამეცნიერო ხელმძღვანელთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედის მინიმუმ ერთ პროფესორს თითოეული უნივერსიტეტიდან. სადოქტორო ნაშრომი ფასდება ერთობლივი პროცედურის ფარგლებში და ნაშრომის დაცვა ხორციელდება ერთობლივი გამოცდის სახით. სადოქტორო ხარისხის მოპოვება კოტუტელის ფარგლებში უზრუნველყოფს კვლევის წარმოებას საერთაშორისო დონეზე ორ უნივერსიტეტში ერთობლივად და საბოლოოდ დოქტორანტს აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს ორმაგი ხარისხი ორივე უნივერსიტეტიდან. კოტუტელის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე. მარიამ გაბელაიამ უკვე შეასრულა რამდენიმე კვლევითი ვიზიტი გენტის უნივერსიტეტში და უახლოეს მომავალში წარადგენს სადისერტაციო ნაშრომს განსახილველად. მარიამის მნიშვნელოვან მხარდაჭერას კოტუტელის დოქტორანტურაში  უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა, რომელმაც მოამზადა მისთვის შეთანხმება დოქტორანტურის კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის შესახებ და მისი თანხმლებია მთელი პროცესის განმავლობაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და პროფესორებს, ვინც დაინტერესებულია საერთაშორისო ერთობლივი დოქტორანტურით, შეუძლიათ დაეკონტაქტონ საერთაშორისო სადოქტორო სკოლას. მოხარული ვიქნებით, კონსულტაცია გაგიწიოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საკონტაქტო ელ-ფოსტა: doctoralschool@iliauni.edu.ge


ბანერები