ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გერმანიაში ქართული ენის და იდენტობის შესახებ სამეცნიერო ნაშრომი გამოიცა

0379ოთხშაბათს, 10 თებერვალს, კაფე "ლიგამუსში" გაიმართა გერმანიაში ახლახანს გამოცემული წიგნის - Die georgische Sprache im Mittelalter (შუა საუკუნეების ქართული ენა იდენტობის ძიებაში) პრეზენტაცია, რომლის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ნინო დობორჯგინიძე.

მონოგრაფია, რომელიც გამოიცა ჰუმბოლდტის საერთაშორისო ფონდის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, ასახავს ადგილობრივი, ნაციონალური ენების ემანსიპაციის ტიპოლოგიურ მოდელებს გვიან ანტიკურსა და შუა საუკუნეებში. ნაშრომის საკვლევი ობიექტი არის ძველი ქართული ენის სტანდარტიზაციის პროცესი.

მონოგრაფიაში, ძველი ქართული წყაროების საფუძველზე, წარმოდგენილია ორი დისკურსი, რომლებიც ენასთან ტექსტების ავტორის ისტორიულად დადასტურებულ კონცეპტუალიზაციებს შეესაბამება. ერთი უფრო პოლიტიკური ხასიათისაა, მეორე - უფრო თეოლოგიური. ორივე შემთხვევაში "რელიგიური" ტექსტები ემსახურება იდენტობის განსაზღვრას და ენის ლეგიტიმაციას, მაგრამ ისტორიოგრაფების პოლიტიკური ინტერესი უფრო ქართულ სახელმწიფოში ქართული ენის სპეციფიკურ და ცვალებად პოზიციებს უკავშირდება მაშინ, როცა თეოლოგიური დისკურსი სვამს თარგმანთან დაკავშირებულ იმგვარ საენათმეცნიერო საკითხებს, რომლებიც ევროპული ტრადიციის ცნობილ კონცეპტუალიზაციებში არსად ჩანს. სწორედ ეს ანიჭებს ამ ტექსტებს პირველხარისხოვან მნიშვნელობას. მონოგრაფიაში ძირითადი აქცენტი ტექსტის თეორიის საკითხებზეა გადატანილი, თუმცა მის გვერდით პოლიტიკური დისკურსიც არის წარმოდგენილი თუნდაც იმიტომ, რომ ქართველ მთარგმნელთა მოტივაციას გარკვეულწილად პოლიტიკური საფუძველიც ჰქონდა.

ბანერები