ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

განათლების ფაკულტეტის წარმომადგენლების შეხვედრა რუსთავის პედაგოგებთან

darbazi8 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტთან არსებულმა "მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერისა" და ,,უცხო ენების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების" ცენტრების წარმომადგენლებმა ქალაქ რუსთავის პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენებისა და მათემატიკის 200- მდე პედაგოგი.
აღნიშნული ცენტრები მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელთა პროფესიულ სრულყოფას, მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციების განვითარებას ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ დისციპლინებში, სწავლისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებას, ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდებისა და მიდგომების დანერგვას სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა დახმარებას დაგეგმილი ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მზადებაში, მასწავლებელთა გადამზადებას და ა. შ.
შეხვედრაზე ცენტრის მიზნებსა და ამოცანებზე საუბარს მოჰყვა საინტერესო დისკუსია მასწავლებელთა გადამზადების შესახებ.
წარმოდგენილი პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები შეიძენენ ზოგადპროფესიულ კომპეტენციებს, აუცილებელს მაღალი აკადემიური სტანდარტის მისაღწევად. პროგრამა დაეხმარება მასწავლებლებს ეზიარონ პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ცოდნას, დაეუფლონ სათანადო უნარ-ჩვევებს, რათა შეძლონ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სწავლების პირობებში. პროგრამის შიგნით განხორციელდება მიზნობრივად მიმართული სწავლება, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაფართოვებაზე, არამედ, სასკოლო პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარებასა და ,,მასწავლებელი-მკვლევარის" ჩამოყალიბებაზე. მასწავლებლები დაეუფლებიან განვითარების, სწავლისა და განათლების თეორიებს, პედაგოგიკის კვლევის რიგ თანამედროვე მეთოდებსა და მათ გამოყენებას სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს, გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების თანამედროვე ზოგად პრინციპებს და სასწავლო პროცესში მათ ეფექტურ გამოყენებას, შეფასებისა და თვითშეფასების თანამედროვე სტრატეგიებს, ინკლუზიური განათლების ძირითად პრინციპებს და მათ დანერგვას სასწავლო პროცესში, პედაგოგიკის ეთიკურ და სამართლებრივ ასპექტებს და მათი სასკოლო ურთიერთობებში დანერგვის თანამედროვე ტექნოლოგიებს.


 

ბანერები