


გაერთიანებული ინტერნეტ-კატალოგი opac.iliauni.edu.ge
ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ტესტირების პირველი ეტაპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წარმატებით დასრულდა. სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი ვებ-კატალოგი (opac.iliauni.edu.ge) ტექნიკურად სრულიად გამართულია და ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. ახალი თაობის ეს კატალოგი, წარმოადგენს კომპლექსურ სისტემას, რომელიც მომხმარებელს აძლევს მისთვის საინტერესო ლიტერატურის მოძიების მრავალფეროვან საშუალებებს. ძიება ხდება სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით - ავტორი, დასახელება, გამოცემის წელი, საკვანძო სიტყვები და ა.შ. საგნობრივი რუბრიკების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს მისთვის საინტერესო წიგნები მაშინაც კი, თუ მას არ აქვს წინასწარ იდენტიფიცირებული საძიებო ობიექტები.
"ვირტუალური თაროების" საშუალებით მკითხველს შეუძლია დაათვალიეროს ის პუბლიკაციები, რომლებიც დაჯგუფებულია თემატურად საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემის მიხედვით. ამჟამად ინტერნეტ კატალოგში შეტანილია დაახლოებით 4000-მდე ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი სასწავლო პროგრამებში გათვალისწინებული და ყველაზე ხშირად მოთხოვნადი წიგნების შესახებ. ამრიგად, სტუდენტებს აქვთ საშუალება მოიძიონ ინფორმაცია მათთვის აუცილებელი წიგნების ხელმისაწვდომობის შესახებ.
2010 წლის ბოლოსათვის კატალოგში სრულად აისახება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მდიდარი ფონდის ძირითადი ნაწილი - წიგნები, პერიოდული გამოცემები, აუდიო მასალები, ვიდეო მასალები, კარტოგრაფიული და სანოტო გამოცემები. ეს კი "ტრადიციული" ბარათული კატალოგის (ბარათებით სავსე პატარა უჯრებიანი კარადების) ვებ-კატალოგით სრულად ჩანაცვლებას გულისხმობს. უახლოეს მომავალში ამოქმედდება სისტემის კიდევ ერთი კომპონენტი - მომხმარებლის მიერ წიგნების ცირკულაციის მოდული. ეს კომპონენტი უზრუნველყოფს წიგნების მიმოქცევის მარტივ და მოხერხებულ სისტემას (დაჯავშნა, გამოწერა, დაბრუნება და ა.შ.).
მიმდინარეობს ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის გაქართულებაც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში განხორციელებული ეს პროექტი არის პირველი წარმატებული შედეგი ქართულ საბიბლიოთეკო სივრცეში საერთაშორისო ვებ-კატალოგებთან თავსებადი საბიბლიოთეკო სისტემის დანერგვის მცდელობისა.