ევროპის ტრავმული სტრესის საზოგადოების მე-18 კონფერენცია
ახალი ამბები
12-15 ივნისს ევროპის ტრავმული სტრესის საზოგადოების (European Society for Traumatic Stress Studies – ESTSS) ორგანიზებით თბილისში გაიმართა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დარგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტორიტეტული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. მისი თემა იყო: „გაჯანსაღებისა და გამოჯანმრთელების ახალი მიდგომების კვლევა გლობალური გაურკვევლობისა და სტრესის დროს“ (Exploring new approaches for healing and recovery in times of global uncertainty and extreme stress).
ღონისძიებას ესწრებოდა მსოფლიოს 44 ქვეყნის 500-მდე მონაწილე, მათ შორის ავსტრალიიდან, აშშ-დან, იაპონიიდან, ჩილედან, სამხრეთ კორეადან, თურქეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი. რექტორმა ისაუბრა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საქართველოს აკადემიური ტრადიციების შესახებ, ხოლო გერმანიის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ პერსპექტივებს.
კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ ილიაუნის პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და ნინო მახაშვილი, ხოლო საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები − ჯანა ჯავახიშვილი და საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების პრეზიდენტი ლელა ცისკარიშვილი.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ ქართველი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებიც. პროფესორმა ნინო მახაშვილმა წარმართა სიმპოზიუმი მოზარდებსა და ახალგაზრდებში ქცევით და ემოციურ პრობლემებთან დაკავშირებულ პრევენციულ ტრანსდიაგნოსტიკურ სერვისზე. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს ილიაუნის კურსდამთავრებულმა რუსუდან ბადრიაშვილმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის თანამშრომელმა ანა ჯანიკაშვილმა. პროფესორმა ჯანა ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება „ტრავმის ინდივიდუალური, ინტრაინდივიდუალური და ფსიქოპოლიტიკური ფაქტორები და ზრუნვის ინტეგრირებული მოდელი“.
12 ივნისს ილიაუნიმ კონფერენციის ფარგლებში უმასპინძლა რვა წინასაკონფერენციო ვორკშოპს, რომლებსაც ტრავმატოლოგიის სფეროს წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ. ვორკშოპებზე განხილული თემები ეხებოდა ღია მეცნიერებისა და FAIR მონაცემების გამოყენებას, ტრავმის საერთაშორისო კითხვარის პრაქტიკულ გამოცდილებას, გახანგრძლივებული გლოვის აშლილობის მტკიცებულებით მკურნალობას, სტრესმედეგობისა და განწყობის მოქნილობის ტექნიკებს, ხელოვნური ინტელექტის როლს ფსიქიკურ ჯანდაცვაში და სხვ.
ვორკშოპებს 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოება ფსიქოტრავმატოლოგიის დარგში უმსხვილესი პროფესიული გაერთიანებაა, რომელშიც წარმოდგენილია 13 ეროვნული ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, ხორვატიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ESTSS-ის სამეცნიერო ჟურნალი European Journal of Psychotraumatology მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემაა იმპაქტ-ფაქტორით 4.5. ჟურნალმა 10 წლის იუბილე 2019 წელს ილიაუნიში აღნიშნა, ხოლო 15 წლის იუბილე – ამ კონფერენციაზე.
დაწვრილებით კონფერენციის შესახებ იხილეთ ბმული: https://www.estss2025.com/sponsorship-exhibition
2025
გალერეა