დასაქმების კვირეული დოქტორანტებისთვის – დამსაქმებლების რეგისტრაცია
ახალი ამბები
დასაქმების კვირეული:
2022 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება დასაქმების კვირეული, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები.
დასაქმების კვირეულის მიზანია სამსახურის მაძიებელი დოქტორანტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან.
კვირეულის ფარგლებში დარეგისტრირებულ დამსაქმებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც საერთაშორისო სადოქტორო სკოლის, ასევე, სხვა სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებსა და კურსდამთავრებულებს, გააცნონ ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, გაესაუბრონ და შესთავაზონ თანამშრომლობა.
დასაქმების კვირეული ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით და თითოეულ დამსაქმებელს საშუალება ექნება მათთვის განკუთვნილ დროსა და სივრცეში შეხვდნენ ფორუმის მონაწილეებს.
დასაქმების კვირეულში დამსაქმებლის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია არა უგვიანეს 5 აპრილისა.
საერთაშორისო სადოქტორო სკოლის შესახებ:
საერთაშორისო სადოქტორო სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტთაშორისი ერთეულია, რომელიც დოქტორანტებს ცალკეული ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე (Cotutelle) სთავაზობს მაღალი აკადემიური ხარისხის საერთაშორისო, სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამებს. დოქტორანტები სარგებლობენ ქართველი და უცხოელი პროფესორების სამეცნიერო-აკადემიური ხელმძღვანელობით და პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებენ როგორც ქართულ, ისე უცხოური უნივერსიტეტის სადოქტორო ხარისხს. ამჟამად სკოლაში მოქმედებს ორი მსხვილი პროექტი:
- კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა (LHIDP) გოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება და შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებებს მოიცავს: ფილოლოგია, ისტორია, პოლიტიკის მეცნიერებები, რელიგიისა და კულტურის კვლევები, განვითარების ეკონომიკა, ეკოლოგია, ქიმიური ბიოლოგია, ფიზიკა და კოსმოლოგია. პროექტი ხორციელდება „ფოლკსვაგენის“ ფონდისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
- პროექტი “დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება და მასში მონაწილე დოქტორანტებს სთავაზობს სადოქტორო კვლევის განხორციელებას პრაქტიკული ფილოსოფიის მიმართულებით. პროექტი ხორციელდება „ფოლკსვაგენის“ ფონდის დაფინანსებით.
საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ორმაგი/ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების განვითარებას და დოქტორანტებს შესთავაზოს როგორც საგნობრივ-მეთოდოლოგიური, ისე ტრანსფერული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული კურსები სადოქტორო კვლევაზე მუშაობის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად და აკადემიური წინსვლის უზრუნველსაყოფად. საერთაშორისო სადოქტორო სკოლა დოქტორანტებს ასევე შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ ქსელურ კავშირებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში და მიიღონ სათანადო კონსულტაციები, რათა მოიპოვონ საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტული სადოქტორო ხარისხი.
იხილეთ საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტთა პროფილები ბმულზე.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების
კარიერული განვითარების სერვისები, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
✉ uni-jobs@iliauni.edu.ge
✉ pr@iliauni.edu.ge
2022 წელი