ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

CIF-ის პირველ საგრანტო კონკურსში ილიაუნის წარდგენილი ხუთივე პროექტი დაფინანსდა

ახალი ამბები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აპლიკანტობით წარდგენილი ხუთი საპროექტო განაცხადიდან  გრანტების გამცემმა კომისიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთივე პროექტი დააფინანსა.

პირველი საგრანტო კონკურსის შედეგად, CIF-ის ფონდის მიერ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აპლიკანტობით სულ დაფინანსდა 13 პროექტი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებული პროექტებია:

1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“

პროექტის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული ლაბორატორიის (ჰაბი) შექმნა, რომელიც გამოყენებულ იქნება ფსიქოლოგიის და სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის, როგორც პრაქტიკის ადგილი, სადაც გაანალიზდება შშმ პირებისთვის  სხვადასხვა სამუშაო, განისაზღვრება შშმ/სსმ პირების კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და შესაძლებელი გახდება შშმ პირების სოციალური ინტეგრაცია და მხარდამჭერ თემში ჩართულობის ხელშეწყობა.

2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინ აკადემია - „ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“

პროექტი გულისხმობს მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ სწავლების პროცესში კვლევის კომპონენტების განვითარებას და ამ უკანასკნელთა განხორციელებისას პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებას. მიდგომა ინოვაციურია და უზრუნველყოფს სამედიცინო კურიკულუმის ფარგლებში სტუდენტური კვლევების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვანია ანალიზისა და სამეცნიერო-კვლევითი კონცეფციების პრაქტიკულად გამოსაყენებლად აუცილებელი უნარების განვითარებისთვის.

3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და  ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი - „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“

პროექტი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროში შრომის ბაზართან ინტეგრირებული  უმაღლესი განათლების ხელშეწყობას თანამედროვე, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და მდგრადი, ინტერსექტორული პარტნიორობის განვითარებით.

4. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - „ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის სომატური თერაპიის მეთოდის დანერგვა უკეთესი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოში“

პროექტი მიზნად ისახავს TMS აპარატის შეძენა-დამონტაჟებას, შესაბამისი პერსონალის გაწვრთნას და მომსახურების მიწოდებას ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის (უფასოდ) - განსაკუთრებით დეპრესიის, ადიქციებისა და პოსტტრავმული სტრესის დროს და მეორე მხრივ, მიზნად ისახავს ამ ახალი მეთოდის დანერგვის საფუძველზე კონსულტირების სერვისი ჩართულ იქნას უნივერსიტეტის დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობაში და მოემსახუროს არა მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს, არამედ გარკვეული საზღაურის ფასად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.

5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო - „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“

პროექტი ,,უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა” ხელს შეუწყობს (ა) სტუდენტური და აკადემიური ინოვაციების კულტურას, (ბ) სამეწარმეო საქმიანობას სასწავლო გეგმის, კოკურიკულარული ინოვაციებისა და სტუდენტების სივრცეების მეშვეობით და (გ) სტარტაპების მხარდაჭერის სისტემის განვითარებას და სტარტაპების შექმნას ილიაუნიში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

2023 

ბანერები