


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ილიაუნიში
”მე მაინტერესებს სტუდენტების ხედვა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების შესახებ; ასევე, შევეცდები, გავაბათილო უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული აზრი, თითქოს ამერიკამ შეცვალა პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მცდარი შეხედულება. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა კვლავ მტკიცეა”, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.
2 ივნისს პროექტის ”დებატები საჯარო პოლიტიკაზე” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი ესტუმრა. საუბრის თემა იყო: ”აშშ -საქართველოს ურთიერთობა”. ელჩმა სტუდენტებთან ვიზიტით კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა გამოხატა. საუბარი შეეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობასა და მიმდინარე პროცესებში ამერიკის ჩართულობას.