


სრულად დაფინანსებული ხუთთვიანი სასტიპენდიო პროგრამა “Reagan-Fascell Democracy Fellowship”აშშ-ში
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა (NED) გამოაცხადა მიღება 2024-2025 სასწავლო წლის რეიგან-ფასელის დემოკრატიის სტიპენდიის მისაღებად. პროგრამა სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს, მკვლევრებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს 5 თვე გაატარონ NED-ში (ვაშინგტონი) რომელიმე ქვეყნის/რეგიონის დემოკრატიული განვითარების შესახებ კვლევის განსახორციელებლად. პროექტის ბოლოს ყველა მონაწილეს მოეთხოვება საბოლოო წერილობითი ნაშრომის (სტატია, რეპორტი, სახელმძღვანელო, წიგნი, ა.შ.) წარმოდგენა.
პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობები
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პრაქტიკოს (practitioner track), ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენელ (scholarly track) კანდიდატებს როგორც დემოკრატიული, ისე არადემოკრატიული ან ტრანზიციის პერიოდში მყოფი ქვეყნებიდან. პრაქტიკოს კანდიდატად შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი, ადამიანის უფლებების დამცველი, ადვოკატი, ხელოვანი ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც აქვს მშობლიურ ან სხვა ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქმიანობის გამოცდილება. რაც შეეხება აკადემიური სფეროს წარმომადგენელს: კანდიდატი უნდა იყოს პროფესორი, მკვლევარი ან მწერალი, რომელსაც მოპოვებული აქვს დოქტორის (Ph.D.) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პროექტის სამუშაო ენა არის ინგლისური, შესაბამისად კანდიდატებს მოეთხოვებათ, აპლიკაციაში მიუთითონ ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნის კომპეტენცია.
სტიპენდიის მოცულობა
შერჩეულ კანდიდატებს გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია ცხოვრებისა და კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევა და ორმხრივი ფრენა ვაშინგტონში (პროგრამის დასაწყისში) და უკან (პროგრამის დასრულების შემდგომ). მონაწილეები ისარგებლებენ მათთვის განკუთვნილი სამუშაო ოფისებით, ასევე შეღავათიანი სატელეფონო ტარიფებითა და სამოგზაურო პაკეტებით აშშ-ის შიგნით საქმიანი ვიზიტების განსახორციელებლად.
პროგრამის ხანგრძლივობა
- 2024 წლის შემოდგომის სესია: 1 ოქტომბერი, 2024 – 28 თებერვალი, 2025;
- 2025 წლის გაზაფხული სესია: 1 მარტი, 2025 – 31 ივლისი, 2025.
შერჩეულ კანდიდატებს ევალებათ, ეს 5 თვე სრულად დაუთმონ NED-ში მათ მიერ დაგეგმილ კვლევით სამუშაოებს, რა დროსაც დაუშვებელია Reagan-Fascell Democracy Fellowship-ის სხვა სამსახურთან ან fellowship-თან შეთავსება.
აპლიკაციები მიიღება ელექტრონულ პორტალზე 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
დამატებით ინფორმაციას გაეცანით აქ.
2023