


გამგზავრების წინა საორიენტაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისათვის
ახალი ამბები
3 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა გამგზავრების წინა საორიენტაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2017/18 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შერჩეული სტუდენტებისათვის. შეხვედრის მიზანი იყო გამარჯვებულთათვის საუნივერსიტეტო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის, ESN თბილისის ISU-სა და 112 გადაუდებელი დახმარების სამსახურის წარმომადგენლები. 112-ის თანამშრომლებმა სტუდენტებს გააცნეს უცხო ქვეყანაში ყოფნისას გადაუდებელ სიტუაციაში მოქცევის წესები.
ღონისძიებაზე ტრადიციულად მოწვეული იყვნენ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გამარჯვებულ სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესახებ.
Erasmus+-ის გაცვლით პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლიდან ახორციელებს. ამჟამად უნივერსიტეტი სტუდენტებსა და თანამშრომლებს სთავაზობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობას 57 პარტნიორ უნივერსიტეტთან ევროპის 23 ქვეყანაში. ახალი შესარჩევი კონკურსი 2018 წლის თებერვალში გამოცხადდება.
Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში 2015/16 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან დღემდე განხორციელდა 482 მობილობა.
გალერეა