ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ვახტანგ კარელიძე ილიაუნის ჩემპიონია

ახალი ამბები

12 აპრილს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით მოჭადრაკეთა  ტრადიციული ჩემპიონატი მოეწყო. ამჯერად მედლებისთვის ბრძოლაში 60-მდე გოგონა და ვაჟი ჩაება. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად გაიმართა. ჩემპიონისა და პრიზიორების ვინაობა მხოლოდ ბოლო ტურში გაირკვა. ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელმა ვახტანგ კარელიძემ შავი ფიგურებით მარიამ დოლიძე დაამარცხა და ქულათა მაქსიმუმით ილიაუნის ჩემპიონობა მოიპოვა. მას ქულით ჩამორჩა უნივერსიტეტის ორგზის ჩემპიონი გიგი აბსარიძე, რომელმაც ფინიშზე დავით მოლაშხიას აჯობა და მეორე ადგილი დაიკავა. 5.5-5.5 ქულას მოუყარეს თავი სხვადასხვა ასაკში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა ელენე კოსტავამ და ბექა ფიფიამ, რომლებმაც ბოლო ტურში, შესაბამისად, გიორგი ბოსიკაშვილსა და გიგა ქოჩიაშვილს გააჩერებინეს საათი. უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მესამე საპრიზო ადგილი კოსტავას ერგო.

–     მოსწავლეობისას თბილისის ასაკობრივ პირველობებში არაერთხელ მიასპარეზია, ილიაუნის ჩემპიონატში კი პირველად ვითამაშე, – გვითხრა ვახტანგ კარელიძემ, – საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. განსაკუთრებით მეორე ტურში გამიჭირდა გამარჯვება გიგი აბსარიძესთან. ფინიშზე ჩემპიონობისთვის ყაიმიც მყოფნიდა, მაგრამ თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, ქულათა მაქსიმუმისთვის მებრძოლა. მოხარული ვარ, რომ მიზანს მივაღწიე. დიდი მადლობა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს ასეთი საინტერესო ტურნირის ორგანიზებისთვის. ახლა მონდომებით მოვემზადები საქართველოს უნივერსიადისთვის, რომ ილიაუნის წარმატება მოვუტანო.  

ჩემპიონატის ფოტომასალა იხილეთ აქ.

ბანერები