ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ნიკოლოზ ცომაია ილიაუნის ჩემპიონია ჭადრაკში

ახალი ამბები

9 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა მოჭადრაკეთა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად. შეჯიბრებაში სხვადასხვა ფაკულტეტის 50 გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა. შესანიშნავად ითამაშა პირველკურსელმა ნიკოლოზ ცომაიამ, რომელმაც შვიდივე მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ნიკოლოზი რამდენიმე წელიწადია, სერიოზულად მეცადინეობს ჭადრაკში, სხვადასხვა ასაკში საქართველოს და თბილისის ორ-ორგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორია. საერთაშორისო ტურნირებშიც არაერთხელ გაიმარჯვა. წელს მან საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო, მერე ამავე ასაკში მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზა, რომელშიც პირადი რეიტინგი 106 პუნქტით გაიუმჯობესა და ფიდეს ოსტატობა მოიპოვა.

ილიაუნის ჩემპიონატში შვიდი შესაძლებლობიდან 6 ქულით მეორე ადგილი ასევე პირველკურსელმა ელენე კოსტავამ დაიკავა. ისიც ტიტულოვანი მოჭადრაკეა. მოზარდებში ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა, ერთხელ ევროპის თასი მოიპოვა, ორჯერ კი სხვადასხვა ასაკში ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი გახდა. ამ დღეებში ელენე საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში იასპარეზებს.

შარშან ილიაუნის ჩემპიონატში ვერცხლის მედალი ნოდარ მანაგაძეს ერგო. ამჯერად მანაც შვიდი შესაძლებლობიდან 6 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილს დასჯერდა.

- დიდი მადლობა ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს ასეთი საინტერესო ჩემპიონატის ჩატარებისთვის, - გვითხრა ნიკოლოზ ცომაიამ, - საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. დიდ შეჯიბრებებში წარმატებები არ მაკლია, მაგრამ, როგორც პირველკურსელი, უნივერსიტეტის ჩემპიონობამ გამახარა. მალე ჩვენი უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს უნივერსიადაში ითამაშებს. სიამოვნებით დავიცავ ილიაუნის  ღირსებას.

 

ბანერები