ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

Mama Mia ილიაუნის ჩემპიონი გახდა

ახალი ამბები

29 ივნისს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა ილიაუნის შიდაჩემპიონატი ფრენბურთში. ტურნირში მონაწილეობა 10-მა გუნდმა მიიღო.  

ჩემპიონატი პირველივე ეტაპიდან საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ყველასთვის მოულოდნელად ფუტსალის მოთამაშეებისგან შემდგარმა გუნდმა „13“-მა ნახევარფინალში მოახერხა გასვლა და ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, Mama Mia-სთან, დამარცხდა. მეორე ნახევარფინალური შეხვედრა უფრო ხანგრძლივი და დაძაბული გამოდგა, ერთმანეთს ილიაუნის ნაკრების მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები Black Star და All Star დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დამატებით სეტამდე მივიდა, რომელშიც Black Star-მა All Star-ს სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.

ფინალური დაპირისპირება მოლოდინისამებრ ძალიან დაძაბული გამოდგა, Mama Mia-სა და Black Star-ს შორის მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ჩემპიონი დამატებით სეტში გამოვლინდა. მესამე სეტის დასაწყისში Mama Mia-მ უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. შესაბამისად, ილიაუნის ფრენბურთის შიდაჩემპიონის ტიტული Mama Mia-მ მოიპოვა, Black Star-ი საპატიო მეორე ადგილს დასჯერდა, მესამე ადგილი კი ერგო All Star-ს, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში „13“ დაამარცხა.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს შესაბამისი თასი და მედლები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულ Mama Mia-ს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა გადასცა საგზური გასვლით სკოლა-ბანაკში „ISU Sport Camp – Summer 2019“, რომელიც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ბაზაზე გაიმართება.

ბანერები