ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

კვარაცხელიამ ჩემპიონის წოდება მოიპოვა ბილიარდში

ახალი ამბები

7 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა მობილიარდეთა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი. შეჯიბრებას საბილიარდო კლუბმა „რიომ“ უმასპინძლა. პირველ ეტაპზე საკვალიფიკაციო პაექრობები ჯერ ჯგუფებში გაიმართა, ორ-ორმა საუკეთესომ კი მომდევნო ეტაპისკენ გაიკაფა გზა. პლეი ოფში ორ-ორი გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში უნივერსიტეტის ექსჩემპიონმა გიორგი კვარაცხელიამ გიორგი ბუცხრიკიძეს აჯობა 5:2. მსგავსი შეჯიბრებების ოთხგზის ფინალისტმა მიხეილ მჭედლიშვილმა ასეთივე ანგარიშით გეგა თოდუას მოუგო.

გადამწყვეტ პაექრობაში კვარაცხელიამ მჭედლიშვილს სძლია 7:2, შარშანდელი ტურნირის ნახევარფინალში მარცხისთვის რევანში აიღო და მეორედ გახდა ილიაუნის ჩემპიონი. ზედიზედ მეხუთედ ვერცხლის მედალი მჭედლიშვილს ერგო. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში კი 2016 წლის ბრინჯაოს პრიზიორმა გიორგი ბუცხრიკიძემ გეგა თოდუას 6:2 აჯობა.

– ბილიარდს რამდენიმე წელიწადია, ვთამაშობ, – გვითხრა ილიაუნის მაგისტრატურის მეორეკურსელმა, ტურნირის გამარჯვებულმა გიორგი კვარაცხელიამ. – საქართველოს ჩემპიონატებშიც მიმიღია მონაწილეობა. ბოლო წლებში უფრო სწავლამ გამიტაცა და სპორტისთვის იშვიათად ვიცლი. მობილიარდეთა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატებში მესამედ ვიასპარეზე და ორჯერ პირველი ადგილი დავიკავე. ამჯერად საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. მიხარია, რომ გავიმარჯვე. შეჯიბრება ამჯერადაც შესანიშნავად იყო ორგანიზებული, რისთვისაც დიდი მადლობა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს, რომელიც ნებისმიერი ტურნირის ორგანიზებაში სულსა და გულს დებს. ასეთი ღონისძიებები სტუდენტურ ცხოვრებას ალამაზებს.

ბანერები