ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის მაგიდის ჩოგბურთში ახალი ჩემპიონები ჰყავს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მაგიდის ჩოგბურთის კლუბში გაიმართა ილიაუნის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში 60-მდე სტუდენტი ჩაება.

გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა მზეკო შარაშენიძემ, რომელმაც შარშანდელი ფინალი სალომე სოლაშვილთან დათმო, ამჯერად კი გადამწყვეტ შეხვედრაში ნინო კვეტენაძე დაამარცხა.

განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა ვაჟთა პირველობა. ნახევარფინალში ილიაუნის 2017 წლის ჩემპიონმა ბესიკ შაინიძემ ოქროსკენ მიმავალ გზაზე ავთანდილ შავაძე დაამარცხა. უნივერსიტეტის პირველკურსელმა გიორგი მთვრალაშვილმა კი თანაკურსელ გიორგი ნაცვლიშვილს აჯობა 3:0. გადამწყვეტ პაექრობაშიც მთვრალაშვილმა 3:1 სძლია შაინიძეს და ჩემპიონობა მოიპოვა. ვერცხლის მედალი ექსჩემპიონ შაინიძეს ერგო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნაცვლიშვილმა შავაძე დაჯაბნა.

- შეჯიბრება შესანიშნავად იყო ორგანიზებული. დიდი მადლობა ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს ასეთი საინტერესო ტურნირის ჩატარებისთვის.  გვითხრა გიორგი მთვრალაშვილმა, – ბედნიერი ვარ, რომ პირველ კურსზევე მოვიპოვე ჩემი საყვარელი უმაღლესი სასწავლებლის ჩემპიონობა. მართალი გითხრათ, პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ უფრო ინტენსიურად ვივარჯიშებ მაგიდის ჩოგბურთში, რომ საქართველოს უნივერსიადაზე ილიაუნის სახელი ღირსეულად დავიცვა.

ბანერები