ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნი 2 ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებულია

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის მეორე გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წწ. სეზონის ჩემპიონია. ჩვენმა გუნდმა რეგულარული სეზონი პირველ პოზიციაზე დაასრულა, ფინალურ ეტაპამდე რთული გზა გაიარა და დასახულ მიზანს მიაღწია – ოქროს მედლები მოიპოვა.

10 ივლისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის გადამწყვეტი ფინალი გაიმართა, რომელშიც ილიაუნი 2-მა არმიასთან სრული დომინირებით 7:1 მოიგო და თასის მფლობელი გახდა. საჩემპიონო სერია ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ჩვენმა გუნდმა „ძალოვნებთან“ პირველი ბრძოლა 8:6 დათმო, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში მობილიზებით 5:2 დავამთავრეთ და ჩემპიონის გამოსავლენად მესამე მატჩი დაინიშნა.

გადამწყვეტ ფინალში ილიაუნი სწრაფი გოლით ნიკოლოზ ბოლქვაძემ მესამე წუთზევე დააწინაურა, შეხვედრის ბოლო გოლიც სწორედ მის სახელზეა. საბა მაჩიტიძემ დუბლი გაიფორმა. თითო-თითო ბურთია გიორგი ნათენაძის, გურამ ნადარეიშვილისა და დავით თაბაგარის სახელზე.

სეზონის საუკეთესო ნომინაციებიდან ოთხი ილიაუნელთა რიგებიდან წარადგინეს. წლის საუკეთესო უნივერსალი ლაშა კურტანიძე გახდა. გუნდის კაპიტანი დავით თაბაგარი საუკეთესო მცველად დასახელდა, 33 გატანილი გოლით ბომბარდირისა და ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი საბა მაჩიტიძეს გადაეცა.

ილიაუნის ფუტსალის ნაკრებებისთვის 2020/21 წწ. სეზონი წარმატებით დასრულდა. ჩვენს ტიტულებს საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების გამარჯვებულისა და ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონობა შეემატა.

 

 2021 წელი

ბანერები