ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნელი კალათბურთელები ნახევარფინალში გავიდნენ

ახალი ამბები

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით რამდენიმე თვეა გრძელდება საქართველოს 2018 წლის სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში. უმაღლეს ლიგაში რვა გუნდი მონაწილეობს წრიული სისტემით. რეგულარული პირველობა დასასრულს მიუახლოვდა. მართალია, ფინიშამდე ტური დარჩა, მაგრამ უკვე ცნობილია ის ფინალური ოთხეული, რომელიც მედლებისთვის იბრძოლებს.

გათამაშების ცხრილს სათავეში უდგას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც ზედიზედ ექვსივე შეხვედრა დიდი სხვაობით მოიგო. მთავარი მწვრთნელის, დავით ეძგვერაძის შეგირდები (ლუკა კალატოზიშვილი, ნიკა ყირიმელი, ვასილ კუტალაძე, დიმიტრი შალამბერიძე, გუგა პატაშური, გიორგი მაჭავარიანი, ვასილ მჭედლიშვილი, ნიკოლოზ მეცხვარიშვილი, დიმიტრი ბობილევი, გიორგი მამალაძე, ბექა გეგეშიძე, ალექსანდრე კაკუბერი) ჩემპიონატის მე-6 ტურში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებს დაუპირისპირდნენ. მატჩი ილიაუნელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 98:64.

– რეგულარული პირველობის ბოლო მატში ქუთაისის უნივერსიტეტის გუნდს ვხვდებით და, ვფიქრობ, იმ პაექრობასაც მოვიგებთ, – გვითხრა დავით ეძგვერაძემ, – ლიგის უპირობო ლიდერები ვართ, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ხუთი პირველკურსელი შემოგვემატა, რომლებიც ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ვარჯიშობენ და საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატშიც მონაწილეობენ.

- შარშან საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ – ნახევარფინალი სტუ-თან წავაგეთ. წელს კი ამ გუნდს 53 ქულის სხვაობით ვძლიეთ. ფინალური ოთხეულის პირველ პაექრობას კავკასიის უნივერსიტეტთან გავმართავთ. რეგულარულში „კავკასიელებს“ 117:83 ვაჯობეთ. ვეცდებით, არც ამჯერად გავაწბილოთ ქომაგები. მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით კი სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი, აქტიურად გვიჭერს მხარს.

მეორე ნახევარფინალში სეუ და სტუ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას.

ბანერები