ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნელი კალათბურთელები ფინალში ითამაშებენ

ახალი ამბები

დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს სტუდენტ კალათბურთელ ვაჟთა 2018 წლის ჩემპიონატი, რომელიც საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით ტარდება. უმაღლეს ლიგაში რვა გუნდი ჩაება. რეგულარულ პირველობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა (ლუკა კალატოზიშვილი, ნიკა ყირიმელი, ვასილ კუტალაძე, დიმიტრი შალამბერიძე, გუგა პატაშური, გიორგი მაჭავარიანი, ვასილ მჭედლიშვილი, ნიკოლოზ მეცხვარიშვილი, დიმიტრი ბობილევი, გიორგი მამალაძე, ბექა გეგეშიძე, ალექსანდრე კაკუბერი, მწვრთნელი დავით ეძგვერაძე) შვიდივე შეხვედრა მოიგეს და პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე-მესამე ადგილები სტუ-მ და სეუ-მ გაინაწილეს. მეოთხე ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთელებს ხვდათ. ნახევარფინალში ილიაუნელები სწორედ მათ დაუპირისპირდნენ. რეგულარულში ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა მეტოქეს ანგარიშით 117:83 აჯობა.

პირველ ნახევარფინალურ მატჩში ილიაუნელებმა „კავკასიელებს“ 110:87 მოუგეს. მართალია, მეორე უმოტივაციო პაექრობა ჩვენებმა 83:84 დათმეს, მაგრამ ორი ორთაბრძოლის ჯამით ფინალში გავიდნენ.

– გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გაგვიწევს, – გვითხრა დავით ეძგვერაძემ.

– სტუ-მ სეუ-ს ორჯერ აჯობა, შესაბამისად – 99:75, 67:59. პირველი ფინალური მატჩი კალათბურთის აკადემიის დარბაზში 5 ივლისს, 13.30 საათზე გაიმართება, განმეორებითი პაექრობა კი 8 ივლისს არის დანიშნული. ორივე გუნდი სრული შემადგენლობით ითამაშებს. მართალია, შარშან ნახევარფინალში მარცხისთვის რევანში რეგულარულ პირველობაში ავიღეთ, მაგრამ ახლა მთავარია, სტუ ფინალშიც დავამარცხოთ და ჩემპიონობა მოვიპოვოთ. ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის აქტიური მხარდაჭერით, ვფიქრობთ, მიზანს მივაღწევთ. ამ ორ მნიშვნელოვან შეხვედრაში, იმედია, ქომაგთა თანადგომაც არ მოგვაკლდება.

ბანერები