ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

„გეგეშას ბიჭებმა“ ჩემპიონობა შეინარჩუნეს

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დარბაზში 3X3-ზე კალათბურთში ტრადიციული შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრებაში ცხრა გუნდი მონაწილეობდა. ისინი წილისყრით ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. წრიული პაექრობებისა და საპლეიოფო ორთაბრძოლების შემდეგ ილიაუნის სამგზის ჩემპიონმა „გეგეშას ბიჭებმა“ (ბექა გეგეშიძე, გიორგი თამარაშვილი, გიორგი ღონღაძე, დიმა შალამბერიძე) ფინალში იოლად სძლია Harlem Buckets-ს და ტიტული შეინარჩუნა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „შავი მოსასხამის“ კალათბურთელებმა Fantastic Four-ს აჯობეს.  

საგულისხმოა, რომ გამარჯვებული გუნდის წევრები სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებულ გასვლით სკოლა-ბანაკ Sport Camp – Summer 2019-ში მიიღებენ მონაწილეობას.

– ილიაუნის ჩემპიონატში მეოთხედ გავიმარჯვეთ, – გვითხრა ჩემპიონი გუნდის კაპიტანმა ბექა გეგეშიძემ, – მადლობა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს ასეთი საინტერესო ღონისძიებისთვის. წლევანდელი ტურნირი უკეთესად იყო ორგანიზებული და მედლებისთვისაც უფრო ძლიერი გუნდები იბრძოდნენ. პრიზიორთა შემადგენლობებში უმთავრესად უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრების წევრები თამაშობდნენ. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დარბაზში – საქართველოს უნივერსიადისთვის ვემზადებით. შარშან მსგავს შეჯიბრებაში ჩემპიონობა მოვიპოვეთ. წლეულსაც ტიტულის შესანარჩუნებლად არაფერს დავიშურებთ.   

ბანერები