ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

„13“ ილიაუნის ჩემპიონია მინიფეხბურთში

ახალი ამბები

„13 ჩემი საყვარელი რიცხვია, ამიტომ ოთხი წლის წინათ, გუნდი რომ ჩამოვაყალიბეთ, რომლის კაპიტანიც მე ვარ, ბიჭების თანხმობით, „13“ დავარქვით, – გვითხრა დავით თაბაგარმა. – ამბობენ, თარსი რიცხვიაო, მაგრამ ვიცოდით, აუცილებლად გაგვიმართლებდა. შარშან ილიაუნის ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ, წელს კი მეოთხე ცდა იღბლიანი გამოდგა – 57 გუნდს შორის გავიმარჯვეთ და ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ჩვენი ექვსი მოთამაშე ილიაუნის ფუტსალის ნაკრების წევრია და საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატებში მონაწილეობენ. არც სხვა გუნდებს აკლიათ გამოცდილი ფეხბურთელები, განსაკუთრებით - წინა შეჯიბრის გამარჯვებულ Red Devils-ს, რომელსაც დაძაბულ ნახევარფინალურ პაექრობაში 2:1 ვძლიეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ჩემი გუნდის წევრებს თავდადებული თამაშისთვის. განსაკუთრებული მადლობა ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს, რომელმაც ასეთი ლამაზი საფეხბურთო ზეიმი გვაჩუქა.“

მართლაც რამდენიმე დღის განმავლობაში ილიაუნის ხელოვნურსაფარიან სასპორტო მოედანზე მინიფეხბურთის მოყვარულები დაძაბული და საინტერესო პაექრობების მოწმენი იყვნენ. შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის მონაწილე 57 გუნდს (თითოეულში 6-8 მოთამაშე) ქომაგობა არ მოჰკლებია. საკვალიფიკაციო და ჯგუფური ორთაბრძოლების შემდეგ საპლეიოფო მატჩები გაიმართა. შესანიშნავად იასპარეზა „13-მა“, რომელმაც ნახევარფინალში შარშანდელ ჩემპიონს აჯობა, ფინალში „ოქსიმორინი“ დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე უბრძოლველად გავიდა Red Devils-ი, რომელსაც გადამწყვეტ მატჩში „უქიმერიონი" არ გამოუცხადდა.

მეოთხედფინალი
New Castle – „უქიმერიონი“ 3:9
„ოქსიმორონი“ – Rossoneri 3:1
„13 – Gang 4:2
„ბრაზილიერო“ – Red Devils

ნახევარფინალი
„უქიმერიონი“ – „ოქსიმორონი“ 1:6
„13“ – Red Devils 2:1

ფინალი
„ოქსიმორონი“ – „13“ 2:8

საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. „13“, –2. „ოქსიმორონი“, 3. Red Devils.
15 გატანილი ბურთით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა დავით ტყეშელაშვილი („უქიმერიონი“), რომელსაც სასპორტო მაღაზია JOMA-მ 200-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

ფინალის საუკეთესო მოთამაშე გურამ გოგილაშვილმა („13“) გადამწყვეტ მატჩში 3 გოლი მიითვალა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. JOMA-სგან მას 100-ლარიანი ვაუჩერი ერგო.

საგულისხმოა, რომ სასპორტო მაღაზია JOMA უკვე მეორე წელია ილიაუნთან თანამშრომლობს. სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული მოთამაშეები მან გასულ სეზონშიც დააჯილდოვა.

 

 

ბანერები