სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ვ.პ. ბელარუსის წინააღმდეგ“ – სოკრატეს კლუბის დისკუსია

დისკუსიები

24 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართება სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებული დისკუსია „ვ.პ. ბელარუსის წინააღმდეგ“, რომელზეც განიხილავენ გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილებას, N27 ზოგად რეკომენდაციას (General recommendation No. 27 on older women and protection of their human rights), მის როლსა და მნიშვნელობას.

საქმე „ვ.პ. ბელარუსის წინააღმდეგ“ ეხება ქალს, რომელმაც 55 წლის მიღწევისთანავე პენსიაზე შეიტანა განაცხადი. იგი 1998-დან 2009 წლამდე უვლიდა შვილებს, 2009-დან 2016 წლამდე კი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. განმცხადებლის მტკიცებით, პენსიასთან დაკავშირებული მიდგომა დისკრიმინაციული იყო გენდერული ნიშნით, რადგან ქალები სამუშაო პერიოდებს შორის უფრო ხშირად დაუსაქმებელნი არიან. იმის გამო, რომ მათ უწევთ ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოვლა, ისინი ვერ აგროვებენ კანონით დადგენილ საჭირო საპენსიო სტაჟს.

ზემოაღნიშნულზე CEDAW კომიტეტმა იმსჯელა „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაეროს კონვენციის 1-ელ, მე-2 და მე-11 მუხლებზე დაყრდნობით.

კომიტეტის განმარტებით, განმცხადებელმა არ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები. ასევე არ მიუთითა, სცადა თუ არა სასამართლოში გაესაჩივრებინა კერძო დამსაქმებლების უარი მის სამსახურში აყვანაზე, რის გამოც ხსენებული მუხლების დარღვევა არ დადგინდა. კომიტეტმა სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები იმ ფაქტორების აღმოსაფხვრელად, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის სქემებში ქალებს ხელს უშლის თანაბარი თანხების შეტანაში.

  • მომხსენებელი ლიკა ნადარაია, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის ყოფილი წევრი და მომხსენებელი;
  • მოდერატორი მარიამ გვასალია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი.

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, 24 მარტამდე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/3fe6fsdw

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება, ტრადიციულად, ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება.

ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება და მიზნად ისახავს ისტორიასა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 24 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32.

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები