სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ატარებს სტუდენტურ ოლიმპიადას საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ყველა საფეხურის სტუდენტს.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. რეგისტრაციის მსურველებმა მოგვწერეთ ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge

ოლიმპიადა შედგება შემდეგი ტურებისგან:

I ტური - ტესტირება:

დაინტერესებული მონაწილეები ჩააბარებენ ტესტურ გამოცდას საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში.

გამარჯვებულად გამოცხადდება უმაღლესი ქულების მქონე 12 მონაწილე, რომელთაც გადაეცემათ შესაბამისი, დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ტესტი: ტესტი შედგება 30 დახურული (კითხვა, ოთხი სავარაუდო პასუხით) და სამი ღია კითხვისგან.

ღია კითხვები დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეების (დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N512; საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N569; საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N646; საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N560; საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N547) შესახებ.

დახურული კითხვები მომზადდება კანონებიდან საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ.

ტესტირება ჩატარდება 10 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტესტირების ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი დამატებით ეცნობებათ დარეგისტრირებულ მონაწილეებს.

II ტური - იმიტირებული სასამართლო პროცესი:

I ტურში გამარჯვებულები სურვილისამებრ განაწილდებიან 4 გუნდად და იმიტირებული სასამართლო პროცესის ფორმატში, საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესის გამოყენებით, შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მოსამართლეთა როლში წარდგებიან კონსტიტუციური კვლევის ცენტრის თანამშრომლები.

III ტური - ფინალი:

ფინალურ თამაშში მონაწილეობას მიიღებს ორი გუნდი და დასახელდება გამარჯვებული. მოსამართლეთა ფუნქციას შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები: საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, და პირველი კოლეგიის ყოფილი თავმჯდომარე, კონსტანტინე ვარძელაშვილი.

გუნდები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • საკითხის ირგვლივ არსებული თეორიული ცოდნა - 40%;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, პრობლემების გადაჭრა, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება - 40%;
  • მოტივირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, მიზანდასახულობა - 10%;
  • გუნდური მუშაობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა - 10%.

ფინალში მონწილეებისა და გამარჯვებულებისთვის დაწესებულია წამახალისებელი პრიზები:

  1. გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა პლანშეტი;
  2. მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 100-ლარიანი ვაუჩერი.

ოლიმპიადის შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ:

მონაწილე გუნდებს შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობა ექნებათ კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან, შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.

საკონსულტაციო შეხვედრები: საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება 8, 15 და 22 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A404 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. #23).

ოლიმპიადასთან დაკავშირებული შეკითხვებით/საჩივრებით შეგიძლიათ მოგვმართოთ კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე: conlaw@iliauni.edu.ge

ბანერები