სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ერთობლივი ინიციატივით, ტარდება ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ სამწევრიან გუნდებს.

ოლიმპიადის ეტაპები

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ეტაპად.

  • I ეტაპი: ტესტური გამოცდა

ტესტის ჩასაბარებლად სტუდენტმა უნდა მოამზადოს:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ;
  • საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი.

დაჯამდება გუნდის წევრთა ქულები და ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლებას მიიღებს უმაღლესი ქულების მქონე პირველი 12 გუნდი (მონაწილე გუნდების რაოდენობიდან გამოდინარე, მეორე ტურში გამსვლელი გუნდების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს).

  • II ეტაპი: იმიტირებული სასამართლო პროცესი

მონაწილე გუნდები წილისყრით განაწილდებიან მხარეებად და სასამართლო კოლეგიებად ერთმანეთს შეეჯიბრებიან პირველ რაუნდში. მოპაექრე მხარეებს საქმის ფაბულა გადაეცემა პროცესის წინა დღეს. მოსამართლეთა გუნდს გადაწყვეტილების დასაწერად მიეცემა დრო მეორე დღის 12:00 საათამდე.

  • III ეტაპი: ფინალი

ფინალში მონაწილეობას მიიღებს ორი გუნდი. ფინალურ ეტაპს დაესწრებიან და მოსამართლის როლს შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები.

შეფასება და შეფასების კრიტერიუმები

ოლიმპიადაში მონაწილე გუნდებს სამივე ეტაპზე შეაფასებს ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული კომისია სამართლის სკოლის დეკანის, ირაკლი ფორჩხიძის თავმჯდომარეობით.

მეორე და მესამე ეტაპებზე გუნდები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • საკითხის ირგვლივ არსებული თეორიული ცოდნა - 30%;
  • როგორ არის მომზადებული სარჩელი, მოპასუხე მხარის პოზიცია და გადაწყვეტილება (ფორმალური მხარე) – 10%;
  • როგორ არის მომზადებული სარჩელი, მოპასუხე მხარის პოზიცია და გადაწყვეტილება (შინაარსობრივი მხარე) – 20%;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, პრობლემის გადაჭრა, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება - 20%;
  • მოტივირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, მიზანდასახულობა - 10%;
  • გუნდური მუშაობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა - 10%.

გამარჯვებულთა დაჯილდოება და პრიზები

გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის უფლებით (ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონის დადასტურების შემთხვევაში) და პლანშეტით;

მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა ილიაუნის წიგნის სახლ ,,ლიგამუსის“ 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

ბრძანება ოლიმპიადის ჩატარების პირობებისა და გამარჯვებულთა ჯილდოების შესახებ

ბანერები