სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტატიების კონკურსში თემაზე "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ეფექტური მექანიზმები" მონაწილეობის მსურველ პირთა საყურადღებოდ

როგორც იცით, 2010 წლის 4 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბატონ ოთარ კახიძესთან. ბატონმა ოთარმა სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია იმ მიმდინარე პროექტების შესახებ, რომლებსაც ახორციელებს ზემოხსენებული დეპარტამენტი. ამავდროულად ისაუბრა სტატიების კონკურსის შესახებ, თემაზე "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ეფექტური მექანიზმები". მან შესთავაზა სტუდენტებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურსში.

შეხვედრაზე ბატონმა ოთარმა ამცნო სტუდენტებს, რომ 2010 და 2011 წლებში სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებასა და არასრულწლოვანთა დამნაშავეობის წინააღმეგ ბრძოლას. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ხასიათის ღონისძიებები. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყების წარმომადგენლების მონაწილეობით, ამჟამად მუშაობას არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პრევენციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე.

ზემოაღნიშნული სტატიების კონკურსის მიზანია, უკეთ გააცნოს სტუდენტებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პრობლემატიკა, მისცეს მათ საშუალება წარმოადგინონ თავიანთი ხედვა და შემოგვთავაზონ არასრულწლოვანთა დამნაშავეობის რთულ ფენომენთან ბრძოლის მეთოდები. კონკურსზე დაიშვებიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები. საკონკურსოთემა წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი ავტორის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი და თემის მოკლე აღწერილობა მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: trainingcenter@justice.gov.ge თემის მოკლე აღწერილობაში მითითებული უნდა იყოს თემის სათაური (სათაურის მოდიფიცირება დაშვებულია საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას) და მოკლედ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ნაშრომის არსი და ძირითადი თეზისი. აქვე უნდა მიუთითოთ, თუ რატომ არის თქვენს მიერ არჩეული საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალური. მოკლე აღწერილობა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით; შრიფტი - Sylfaen (Unicode); ზომა - 11; ხაზებს შორის დაშორება - 1.5; გვერდების რაოდენობა - მაქსიმუმ 1 (ერთი) გვერდი.

სტუდენტებმა, რომელთა განაცხადი შერჩეული იქნება საკონკურსო კომისიის მიერ, უნდა წარმოადგინონ სრული ნაშრომი 2011 წლის 15 იანვარმდე. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად. ხელნაწერი არ მიიღება.

სტატიის ფორმატი: სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით ქართულ ენაზე. შრიფტი - Sylfaen (Unicode); ზომა - 11; ხაზებს შორის დაშორება - 1.5; გვერდების მაქსიმალური რაოდენობა: 20 (ოცი).

სტატია უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

1. თავფურცელი - მითითებული უნდა იყოს სტუდენტის სახელი, გვარი, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის დასახელება, კურსი, თემის სათაური;
2. სარჩევი
3. შესავალი
4. თემის ძირითადი ნაწილი
5. დასკვნა
6. გამოყენებული ლიტერატურა

ნაშრომი უნდა ხასიათდებოდეს მკვეთრად გამოხატული სტრუქტურით. ნაშრომის ძირითად ნაწილში გამოყოფილი უნდა იყოს ქვეთავები. თუ ნაშრომში გამოყენებულია სხვა ავტორის ციტატა, აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩაითვლება პლაგიატად. პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ნაშრომის ავტორები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში.

კონფერენციას დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. წარმოდგენილი ნაშრომების ხარისხის გათვალისწინებით, საუკეთესო ნაშრომები შესაძლებელია გამოიცეს სტატიათა კრებულის ფორმით. საუკეთესო სტატიათა ავტორები დაჯილდოვდებიან.

ბანერები