სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სოკრატეს კლუბის დისკუსია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ძალადობის მსხვერპლი ქალის თავშესაფრის უფლება

დისკუსიები

22 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელზეც განხილული იქნება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 2024 წლის 16 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ თურქული წარმოშობის ქალზე, რომელიც იძულებით გაათხოვეს, ხშირად ფიზიკურად ძალადობდა ქმარი. მისგან მომდინარე საფრთხისა და ძალადობისგან თავის დასაღწევად მან თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიმართა ბულგარეთს. ბულგარეთის სასამართლომ საქმის განხილვისას გადაწყვიტა, რომ შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის.

ამ საქმესთან მიმართებით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განმარტა, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუ მათ სამშობლოში დაბრუნებისას ემუქრებათ ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ან ოჯახში ძალადობა. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ, თუ ლტოლვილის სტატუსის პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, მათ შეუძლიათ მიიღონ დამატებითი დაცვის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ მათ ემუქრებათ სიცოცხლის მოსპობა ან ძალადობა. ერთიანობაში ხსენებული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ჭრილში.

სოკრატეს კლუბი დისკუსიების წარმართვისას იყენებს სოკრატეს მეთოდს, რომელიც გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე კითხვების დასმასა და მათზე სიღრმისეულ მსჯელობას.

მომხსენებელი

ნინო ანდრიაშვილი, იურისტი, ორგანიზაცია „საფარი“

მოდერატორი

ქეთევან ბეჟანიშვილი, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

სამუშაო ენა: ქართული

თარიღი: 22 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

2024

 

ბანერები