სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიასთან

ხუთშაბათს, 31 ოქტომბერს, 18:30 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა გამართა შეხვედრა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლესთან ნონა წოწორიასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები და ადამიანის უფლებათა იურისტების ქსელის წევრები. საკუთარ პრეზენტაციაში ქალბატონმა ნონამ ისაუბრა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქმის განხილვის პროცედურების შესახებ, გადაწყვეტილების კოლექტიურად მიღების მნიშვნელობაზე, დამატებითი ოქმების შინაარსსა და სპეციფიურობაზე, გახმაურებულ და აქტუალურ საქმეებზე, ახალი დამატებითი ოქმების პროექტებზე და საქართველოს მიმდინარე საქმეებზე სასამართლოში. ქალბატონმა ნონამ ზოგადად ისაუბრა ევროპული სასამართლოს მიერ გატარებულ სხვადასხვა რეფორმაზე და პროგრესზე, ასევე, სასამართლოს სამომავლო გეგმებსა და ცვლილებებზე, ამა თუ იმ ახალი წესების უახლოეს მომავალში ძალაში შესვლასთან დკავშირებულ მოლოდინებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი დიალოგის რეჟიმში მინდინარეობდა. მოსამართლემ შეხვედრაზე დამსწრეებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე უპასუხა. სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ სტუმრისგან პირადად გაეგოთ სასამართლოს მეირ განხილული მნიშვნელოვანი საქმეების დეტალები, სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნიუანსები. კონსტიტუციური კვლევების ცენტრისთვის ქალბატონი ნონა წოწორიას მასპინძლობა დიდი პრივილეგიაა და გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მას მადლობა სტუმრობისთვის. დამსწრე სტუდენტებისთვის ეს იყო განსაკუთრებული შესაძლებლობა გადაწყვეტილების უშუალოდ მიმღები მოსამართლისგან შეეტყოთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ფუნქციონირების საინტერესო დეტალები და პირადად გაეცნოთ სტუმარი. ცენტრი კვლავაც გააგრძელებს საინტერესო სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზებას და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს პირადად გაიცნონ სამართლის აღიარებული სპეციალისტები და მათთან ერთად განიხილონ მიმდინარე სამართლებრივი პრობლემატიკა.

ბანერები