სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა ამერიკელ იურისტებთან

16 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101-ე აუდიტორიაში პროექტ ”საზოგადოების განვითარება და სამოქალაქო უფლებების” ფარგლებში მოეწყობა ამერიკელი იურისტების დაიანა გლობერის და დევიდ ზისერის სტუდენტებთან შეხვედრა.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ საქართველოში მოქმედ იურიდიული დახმარების სისტემას და ამ ორი იურისტის გამოცდილებას ამერიკაში. საქართველოში მოქმედ იურიდიული დახმარების სისტემას მსმენელებს გააცნობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების დირექტორი - ირაკლი კობიძე.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების (Community Benefits Agreement) წარმოშობა და განვითარება დაიწყო ამერიკაში, კერძოდ, კალიფორნიის შტატში. საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებები გულისხმობს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელების დროს შეთანხმებას დეველოპერსა და ადგილობრივ მოსახლეობას, საზოგადოებრივ გაერთიანებებს შორის. ასევე შესაძლებელია ადგილობრივი ხელისუფლებაც მონაწილეობდეს და მხარე იყოს ასეთი შეთანხმებების დადების დროს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება იურიდიული საბუთია და სავალდებულოა შესასრულებლად.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარების სისტემა საქართველოში 2005 წლიდან ამოქმედდა რამდენიმე პილოტური პროექტის სახით, რომელიც პირველად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თანადაფინანსებით მიმდინარეობდა. 2007 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი იურიდიული დახმარების შესახებ და 2007 წლიდან საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. ამჟამად იურიდიული დახმარების სამსახური საადვოკატო მომსახურებას მხოლოდ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეებზე უზრუნველყოფს, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ითვალისწინებს პატიმრობას, ხოლო სამოქალაქო და სხვა სახის ადმინისტრაციულ საქმეებზე უზრუნველყოფილია მხოლოდ კონსულტაცია და იურიდიული დოკუმენტების შედგენა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის.

პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.facebook.com/upleba.

ბანერები