სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს მთავარი პროკურატურა 2011 წლის 27 ივნისიდან აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად

`საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის #105 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს კონკურსს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორთა მისაღებად.

სტაჟიორთა კონკურსი მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების მოზიდვას, რომელიც ჩატარდება სამ ეტაპად. პირველი ორი ეტაპი ჩატარდება ტესტირების ფორმით, რომელთა წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. გასაუბრების შემდეგ კონკურსანტები გაივლიან ტრეინინგს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში. კონკურსში გამარჯვებულები გაივლიან ერთ წლამდე სტაჟირებას საქართველოს პროკურატურაში.

ძირითადი მოთხოვნებია:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტობა
•    არგუმენტაციის უნარი
•    პასუხისმგებლობის გრძნობა
•    მიზანდასახულობა
•    სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
•    მოტივირებულობა
•    ანალიტიკური აზროვნება

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოში 2011 წლის 27 ივნისიდან და გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში 08 ივლისის ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10-დან 18 სთ-მდე.

სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოში (მისამართი: ქ. თბილისი, გორგასალის ქ. #24) უნდა წარმოადგინოს:
1.    წერილობითი განცხადება (ივსება კომისიის სამდივნოში);
2.    მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ან/და საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობების ასლები;
3.    ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით);
4.    დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ;
5.    რეკომენდაცია;
6.    ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
7.    ორი ფერადი ფოტოსურათი (3/4);
8.    სერთიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველი ეტაპი ჩატარდება კონკურსის გამოცხადებიდან არაუადრეს სამი კვირისა ზოგადი უნარების ტესტებში. ტესტირების პირველ ეტაპზე სტაჟიორობის კანდიდატმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული ზოგადი უნარების 100 ტესტის 75 %-ს. კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს.

კონკურსის მეორე ეტაპი (ტესტირება) ჩატარდება პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში და მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ისეთ საკითხებს, რომელთა ფლობა აუცილებელია პროკურორისა და გამომძიებლისათვის:
ა) კონსტიტუციური სამართალი;
ბ) ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენცია;
გ) ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია;
დ) სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ 1959 წლის ევროპული კონვენცია;
ე) სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთოებების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენცია;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
თ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
ი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
კ) სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი.

კონკურსის მეორე ეტაპზე (ტესტირება) მონაწილე სტაჟიორობის კანდიდატმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული 100 ტესტის 75% - ს მაინც. კონკურსის მესამე ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს კონკურსის (ტესტირების) მეორე ეტაპს.

კონკურსის მესამე ეტაპი (გასაუბრება) ჩატარდება მეორე ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.

კონკურსის ყოველ ეტაპზე დასაშვებად სტაჟიორობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორთა ლიმიტი განსაზღვრულია 100 ერთეულით და სტაჟიორთა დანიშვნა მოხდება პროკურატურის ორგანოებში.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია და ყოველთვიური სარგო შეადგენს 480 ლარს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით, სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არაუადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობაზე.

სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ (ერთი წელი) სტაჟირების გავლის კომისია ახდენს სტაჟიორთა შეფასებას. სტაჟირების გავლის კომისიის თავმჯდომარე მთავარ პროკურორს წარუდგენს იმ პირთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. მთავარი პროკურორის მიერ კანდიდატის მოწონების შემთხვევაში, პირი შეიძლება დაინიშნოს საქართველოს პროკურატურაში შესაბამისი ვაკანტურ თანამდებობაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გორგასალის ქ. #24
ტელეფონები: 240 57 78;  240 57 88.

ბანერები