სამეცნიერო ნაშრომების მიღება ჟურნალისთვის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“
ახალი ამბები
ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ჟურნალის მომდევნო (2024 წლის დეკემბრის) ნომერში გამოსაქვეყნებლად.
ჟურნალის შესახებ
„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ ორენოვანი საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალია (განთავსებული EBSCO სამეცნიერო კვლევით ბაზაში), რომელსაც გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ჟურნალი მოიცავს სტატიებს, ნარკვევებს, მიმოხილვებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოთა პრაქტიკის ანალიზს.
სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველი:
სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ სამართლისა და მომიჯნავე სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სტუდენტებს.
სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველთათვის
თემატიკა
ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები შემდეგ თემატიკაზე: დემოკრატიის უკუსვლა, კანონის უზენაესობა და სამართლებრივი სახელმწიფო.
განსახილველ საკითხებს შორის შესაძლოა იყოს:
- დემოკრატიის უკუსვლის სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტები, მიზეზები, წინაპირობები და მექანიზმები; დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, როგორც დემოკრატიული უკუსვლის შეჩერების შესაძლო მექანიზმი.
- სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება – შეზღუდვები და გამოწვევები; პოლიტიკური სივრცის გახსნილობა, ფინანსური ინტერესებისგან დაცვის მექანიზმები;
- კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმის გამოწვევები; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის საკითხები.
ზემოჩამოთვლილი საკითხების სამართლებრივ-პოლიტიკური მიმოხილვა შესაძლოა ნაციონალურ, რეგიონულ და საერთაშორისო ჭრილში.
აკადემიური ნაშრომის წარდგენის წესი და ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები:
- აკადემიური ნაშრომი მიიღება უშუალოდ ავტორებისგან;
- აკადემიური წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული (გარდა უცხოური სტატიის თარგმანისა);
- აკადემიურ ნაშრომს უნდა ერთოდეს 150-200-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე;
- რედაქტირების დროს შესაძლებელია აკადემიური ნაშრომის ზომისა და შინაარსის კორექტირება;
- აკადემიური ნაშრომის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო;
- განსახილველად წარმოდგენილი აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული;
- მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word) არაუმეტეს 6 000 სიტყვისა; შრიფტი Sylfaen (ნაშრომის ქართულად წარმოდგენის შემთხვევაში) ან Times New Roman (ნაშრომის ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში). შრიფტის ზომა: 12, ხაზებს შორის დაშორება – 1.5 სმ.
- აკადემიური ნაშრომის შერჩევის და დაბეჭდვის გადაწყვეტილების მიღებისას, განმსაზღვრელია ნაშრომის ხარისხი და აქტუალობა.
ციტირება და პლაგიატი:
ჟურნალში განსათავსებელი აკადემიური ნაშრომების ციტირების სახელმძღვანელო სტანდარტებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf
ჟურნალის რედაქცია
ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და აკადემიური ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე: clr@iliauni.edu.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 ოქტომბრისა.
2024