სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია „ეფექტური კორპორაციული მართვის სისტემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებისათვის“

2017 წლის 18 მაისს, პროექტის - „ეფექტური კორპორაციული მართვის სისტემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებისათვის - არსებული სამართლებრივი რეგულირება, გამოწვევები და რეკომენდაციები“ - ფარგლებში, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და „სახელმწიფო საწარმოების“ წარმომადგენლებმა. კონფერენცია გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, ირაკლი ფორჩხიძემ.

პროექტის ხელმძღვანელმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დავით მაისურაძემ, კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია პროექტის მიზნების, ამოცანებისა და განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. პროექტის საბოლოო მიზანია სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებისა და სახელმწიფო საწარმოებისათვის კორპორაციული მართვის სარეკომენდაციო სისტემის შემუშავება.

კონფერენციაზე წარდგნენ: სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო საწარმოთა მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი ზღუდაძე და სს „საპარტნიორო ფონდის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ვახტანგ ჯორბენაძე; ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების“ ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებმაც მართვის და განკარგვის ეფექტიანობის, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების, საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკუთრებაში არსებული საწარმოებისა და ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის საკითხებზე ისაუბრეს, სახელმწიფო საწარმოთა ჭრილში.

კონფერენციის ბოლოს, პროექტის მოწვეულმა ექსპერტმა, ევგენი ზვიერიევმა (Ph.D, LLM, წამყვანი ლექტორი, უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი „Kyiv-Mohyla Academy”) განიხილა სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვის სტანდარტები ევროპის ქვეყნებში.

პროექტი „ეფექტური კორპორაციული მართვის სისტემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებისათვის - არსებული სამართლებრივი რეგულირება, გამოწვევები და რეკომენდაციები“ (#217878) ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ბანერები