სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სტუდენტები ფინალურ რაუნდში მონაწილეობისთვის ემზადებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი აგრძელებს მომზადებას ვილემ ს. ვის-ის სახელობის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. გუნდი დაკომპლექტებულია სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სამი სტუდენტით. აღნიშნული იმიტირებული პროცესი გახლავთ მსოფლიოში წამყვანი შეჯიბრი სამართლის სკოლებისათვის და ხელს უწყობს საერთაშორისო კომერციული სამართლისა და არბიტრაჟის შესწავლას. მიმდინარე წელს შეჯიბრი 21-ედ ტარდება და ფინალურ რაუნდში დაახლოებით 300 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. იმიტირებული სასამართლო პროცესი შედგება ორი ნაწილისაგან: მემორანდუმის მომზადება მოსარჩელისა და მოპასუხის პოზიციების მიხედვით და მემორანდუმზე დაფუძნებული ზეპირი არგუმენტების პრეზენტაცია, რომელიც გაიმართება ვენაში და ჰონგ-კონგში. ილიას უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს ვენაში გასამართ ფინალურ რაუნდში 11-18 აპრილს.

ფინალური რაუნდისთვის მოსამზადებლად ილიას უნივერსიტეტის გუნდმა მონაწილეობა მიიღო პრაღაში გამართულ მოსამზადებელ რაუნდში. აღნიშნულ შეჯიბრი გაიმართა 4-6 აპრილს და მასში მონაწილეობა მიიღო 17 უნივერსიტეტის გუნდმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ილიას უნივერსიტეტი დაუპირისპირდა შემდეგ გუნდებს: ინდონეზიის უნივერსიტეტი (ინდონეზია), სილესიის უნივერსიტეტი (პოლონეთი), პალაცკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), პეტრუ მაიორის უნივერსიტეტი (რუმინეთი). გუნდის წევრებმა წარმატებით წარმოადგინეს მათი პოზიცია გამოცდილი არბიტრების წინაშე და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს ვენაში გასამართ ფინალურ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად.

ბანერები