სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის გუნდის წარმატება ავსტრიაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ვილემ ს. ვის-ის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალურ რაუნდში, რომელიც გაიმართა ვენაში მიმდინარე წლის 10-18 აპრილს. აღნიშნული იმიტირებული პროცესი მსოფლიოში წამყვანი შეჯიბრია სამართლის სკოლებს შორის და ხელს უწყობს საერთაშორისო კომერციული სამართლისა და არბიტრაჟის შესწავლას. მიმდინარე წელს შეჯიბრი 21-ედ ჩატარდა და ფინალურ რაუნდში დაახლოებით 300 გუნდი მონაწილეობდა. იმიტირებული სასამართლო პროცესი ორი ნაწილისაგან შედგება: მემორანდუმის მომზადება მოსარჩელისა და მოპასუხის პოზიციების მიხედვით და მემორანდუმზე დაფუძნებული ზეპირი არგუმენტების პრეზენტაცია. აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად გუნდები გასული წლის ოქტომბრიდან ემზადებოდნენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სამი სტუდენტის შემადგენლობით ფინალურ ეტაპამდე მონაწილეობა მიიღო თბილისში, ჰელსინკსა და პრაღაში გამართულ მოსამზადებელ რაუნდებში. ფინალურ რაუნდში კი დაუპირისპირდა მონრეალის (კანადა), ლეისტერის (ინგლისი), პარანასა (ბრაზილია) და იორდანიის (იორდანია) უნივესიტეტების გუნდებს. ილიაუნის გუნდის წევრებმა წარმატებით წარმოადგინეს თავიანთი პოზიცია გამოცდილი არბიტრების წინაშე და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ნამდვილად დაეხმარება მათ პროფესიულ კარიერაში წარმატების მისაღწევად.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვილემ ს. ვის-ის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.
ილიუანის გუნდის მწვრთნელი გახლდათ ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, გიორგი ნარმანია, რომელიც თავად მონაწილეობდა აღნიშნულ იმიტირებულ პროცესში 2011-2012 წლებში როტერდამის უნივერსიტეტის სახელით. ის ასევე იყო შეჯიბრის ერთ-ერთი არბიტრი და იმიტირებული პროცესის ფარგლებში გამართული სხვადასხვა ღონისძიების აქტიური მონაწილე.

მსგავს ღონისძიებებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად და სტუდენტთათვის საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად.

ბანერები