სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის გუნდი ფრანკფურტში

მიმდინარე წლის 18-22 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი მონაწილეობდა საინვესტიციო სამართლის იმიტირებული საარბიტრაჟო სასამართლო პროცესის ტურნირში (Frankfurt Investment Arbitration Moot Court), რომელიც ყოველწლიურად გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში იმართება. ღონისძიების მთავარი მასპინძელი და ორგანიზატორი გოეთეს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა გახლდათ.
 
მონაწილეობა ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე ორგანიზატორებისათვის სავალდებულო წერილობითი მემორიალების (სარჩელისა და შესაგებელის)წარდგენას. წერილობითი მემორიალების შედგენისას გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ხელშეკრულებები, საინვესტიციო სამართლის წამყვან სპეციალისტთა ნაშრომები და სასამართლო პრეცედენტები. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან წარდგენილ იქნა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი აპლიკაცია, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ფინალური ეტაპის მონაწილე 36 გუნდის შერჩევა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (მიხეილ დაუშვილი, დავით ლაღიძე, ირინა აღაპიშვილი) მოხვდა იმ გუნდებს შორის, რომლებიც გოეთეს უნივერსიტეტში, მსოფლიოში ცნობილი არბიტრების წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ მოსარჩელისა და მოპასუხის როლში. აღნიშნული იმიტირებული სასამართლო პროცესების განმავლობაში მონაწილეებს უხდებოდათ არბიტრების წინაშე სიტყვით გამოსვლა და თავიანთი მარწმუნებლის პოზიციების დაცვა. არბიტრები პროცესის მონაწილეებს უსვამდნენ არაერთ კითხვას როგორც საქმის ირგვლივ, ასევე სამართლებრივი შეფასებების თვალსაზრისით, რათა შეეფასებინათ მონაწილე გუნდის მიერ საქმის გარემოებების დეტალური ცოდნა, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის გაკეთებისა და მარწმუნებლის ინტერესების დაცვის უნარი.
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა დიდ დახმარებას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს ადვოკატირების, თავდაპირველი პოზიციისა და არგუმენტების სწორად დაგეგმვის უნარების გამომუშავებაში. იმიტირებული პროცესების განმავლობაში არბიტრები აქცენტს აკეთებდნენ სწორედ მონაწილე პირის უნარზე, მაქსიმალურად დამაჯერებლად, ფაქტებზე დაყრდნობით და სათანადო არგუმენტების მოყვანით ამტკიცოს საკუთარი პოზიციის სისწორე.
გარდა ამისა, თითოეული პროცესის დასრულების შემდეგ არბიტრები აჯამებდნენ პროცესის მსვლელობას და აფასებდნენ მონაწილეებს ინდივიდუალურად, რაც ეხმარებოდა მონაწილე გუნდებს ყოველი რაუნდის შემდგომ გაეანალიზებინათ საკუთარი შეცდომები და უკეთესად წარმდგარიყვნენ მომდევნო პროცესზე.
 
ამ ფორმატში ილიაუნის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო იმიტირებული სასამართლო პროცესების სამ რაუნდში, მათ შორის შეხვდა დელის, სინგაპურისა და ერთ-ერთი უძლიერესი - სტოქჰოლმის უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან შემდგარ გუნდებს. ტურნირის გამარჯვებული სწორედ სტოქჰოლმის უნივერსიტეტის გუნდი გახდა.
 
ჩვენმა უნივერსიტეტმა მიიღო წარმატებული მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ამ წარმატებასთან ერთად მოიპოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც აუცილებლად დაგვეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში და უნივერსიტეტის სახელის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაში.

ბანერები