სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლა და სკოლის მოსწავლეები

ილიაუნის სამართლის კლინიკამ სკოლის მოსწავლეებისათვის კერძო ბიზნეს სამართლის თემებზე საჯარო ლექციების პირველი კურსი წარმატებით დაასრულა. 2013 წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრანტებმა თბილისის სკოლების მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრებზე კერძო სამართლის ძირითად საკითხებზე ისაუბრეს. შედეგად მსმენელებმა მოსწავლეებისათვის ადაპტირებულ ენაზე მიიღეს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის, სამართალწარმოების, სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების შესახებ, რაც მათ, როგორც სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეებს სასარგებლო სამსახურს გაუწევს.

ჩატარებული შეხვედრების განმავლობაში მაგისტრანტებმა მოსწავლეების თხოვნით ლექციები წაიკითხეს ასევე იმ თემებზეც, რომლებიც მათ პირადად აინტერესებდათ, გაიმართა არაერთი დისკუსია, რომლის შედეგად მოსწავლეებმა საქართველოს კანონმდებლობის შესახებ ბევრი ახალი და სასარგებლო ცოდნა მიიღეს.

ლექციების კურსის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სპეციალური ექსკურსია, რომლის დროსაც მოსწავლეებს საქალაქო სასამართლოს მესვეურებმა დაათვალიერებინეს სასამართლოს შენობა, სხდომის დარბაზები, აუხსნეს სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების, სხდომების მიმდინარეობების თავისებურებები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ საქალაქო სასამართლოს ერთერთ სხდომის დარბაზში მოსწავლეებსა და მაგისტრანტებს, რომლების საჯარო ლექციებს კითხულობდნენ საზეიმოდ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

2014 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ერთად მოსწავლეებისათვის იგეგმება ახალი შემეცნებითი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ასვე ძალიან სასარგებლო იქნება მოზარდების სამოქალაქო განათლების ამაღლების კუთხით.

ბანერები