სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის გუნდი იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირში

მიმდინარე წლის 1-7 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის გუნდი მონაწილეობდა საინვესტიციო სამართლის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირში (Foreign Direct Investment International Moot Court Competition), რომელიც წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბოსტონში გაიმართა. ღონისძიების მასპინძელი ბოსტონის სუფოლკის უნივერსიტეტი გახლდათ.

მონაწილეობა ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე ორგანიზატორებისათვის სავალდებულო წერილობითი მემორიალების (სარჩელისა და შესაგებელის) წარდგენას. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან წარდგენილ იქნა 136 სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი აპლიკაცია, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ფინალური ეტაპის მონაწილე გუნდების შერჩევა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მოხვდა იმ საუკეთესო 26 გუნდს შორის, რომელსაც სუფოლკის უნივერსიტეტში უკვე ზეპირად უნდა მოერგო აპლიკანტისა და რესპოდენტის როლები.

ამ ფორმატში ილიაუნის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო იმიტირებული სასამართლო პროცესების ოთხ რაუნდში, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან შემდგარი გუნდის წინააღმდეგ, რომლებიც ნახევარფინალური რაუნდის შედეგად მესამე ადგილზე მოხვდნენ. ტურნირის გამარჯვებული ოტავას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი გახდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გავიდა საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის სფეროში არსებულ საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესის მეორე ეტაპზე და მონაწილეობდა ზეპირ მოსმენებში. ჩვენმა უნივერსიტეტმა ამ წარმატებასთან ერთად მოიპოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც აუცილებლად დაგვეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში.

ბანერები