სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია: „ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება საქართველოში - სახალხო დამცველის აპარატში შემოსული თანასწორობის დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრები“

2016 წლის 10 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C414 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა და ადამიანის უფლებათა მიმართულება, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) - თანამშრომლობით, მასპინძლობს საქართველოს სახალხო დამცველის ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის უფროსის, ქეთევან შუბაშვილის, საჯარო ლექციას: „ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება საქართველოში - სახალხო დამცველის აპარატში შემოსული თანასწორობის დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრები“.

საქართველოს სახალხო დამცველის ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის შესახებ: დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეწყობა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

ბ) საქართველოში თანასწორობის დაცვის სფეროში არსებული ეროვნული და საერთაშორისო აქტების შესრულების მონიტორინგის განხორციელება;

გ) რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადებისა და საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის ხელშეწყობა;

დ) დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე მონიტორინგის განხორციელება.

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახალხო დამცველის აპარატში შემოსული თანასწორობის დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება;

ბ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საკონსტიტუციო სარჩელის პროექტების მომზადება;

გ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამისი ნაწილების პროექტების მომზადება;

დ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;

ე) ადამიანის თანასწორობის დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით კანონმდებლობის და კანონპროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება;

ზ) სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.

ლექციის დრო: 10 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: C414 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32 ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია (საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან კურსზე - „გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა-სამართლებრივი მექანიზმები“, დასწრება სავალდებულოა).

 

ბანერები