სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო დისკუსია: არღვევს თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს?

2018 წლის 3 მაისს ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: არღვევს თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს?

დისკუსია გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID)-ს მიერ დაფინანსებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი.

საჯარო დისკუსიაზე განიხილეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საკონსტუტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელები: ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

გიორგი გოცირიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

ეკა მამრიკიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი.

ნატა ფერაძე, სამოქალაქო აქტივისტი.

დისკუსიის მოდერატორი: კონსტანტინე ვარძელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საჯარო დისკუსიაზე განხილული საქმეები:

ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

 დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლებთან მიმართებით.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. 2 საიას შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი და მისი პრაქტიკაში გამოვლენილი ინტერპრეტაციები პოლიციის ხელში არსებულ რეპრესიულ მექანიზმად იქცა, რომელიც ხელისუფლებისთვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმების „იერსახის დამახინჯებად“ დაკვალიფიცირებისა და აქტივისტების დასჯის შესაძლებლობას იძლევა. საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვიწროდ განიმარტება. იერსახის ლეგიტიმური მიზნის დასაცავად, სადავო ნორმა ითვალისწინებს აკრძალვას ბანერისა და ლოზუნგის განთავსებაზე საჯარო საკუთრებაზე, სადაც ეს კონსტიტუციურად გამართლებულია და კერძო საკუთრებაზე, მიუხედავად მესაკუთრის თანხმობისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, აკრძალვა კონსტიტუციურად გაუმართლებელია. ასევე, კონსტიტუციურად გაუმართლებელია აკრძალვა მაშინ, როდესაც პარლამენტის და საკრებულოს წევრს ან ფრაქციას, აგრეთვე, საჯარო მოხელეთა პროფკავშირს საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან საჯარო საკუთრებაში არსებული შენობის ფასადზე ბანერის გამოფენა ეკრძალება. სადავო ნორმით არ არის დაცული გონივრული ბალანსი ქალაქის ესთეტიკის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. ამ ორ ინტერესს შორის ბალანსი უკეთესად იქნებოდა დაცული კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, პროფკავშირისა და წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების სარგებლობაში არსებული საჯარო საკუთრებიდან შესაძლებელი რომ იყოს ბანერის გამოფენა სპონტანური გამოხატვის სახით. სხვაგვარად პროტესტის ჩატარებას აზრი ეკარგება. აქედან გამომდინარე, საიას მოსაზრებით, გასაჩივრებული მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას, შეკრებისა და გაერთიანების უფლებას.

ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 173-ე მუხლის თანახმად, სამართალდარღვევად მიიჩნევა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება სწორედ ამ მოტივით ხდება. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მოქალაქის მიერ პოლიციელის მოქმედების საპასუხოდ განხორციელებულ ქმედებას სამართალდარღვევად აფასებს ისე, რომ არ ამოწმებს თავად პოლიციელის მოქმედების კანონიერებას, რომელიც წინ უსწრებდა მოქალაქის ქმედებას, ან, თუ ამოწმებს, შემოწმება ატარებს ფორმალურ ხასიათს. ასეთ დროს სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმის დადგენით, აქვს თუ არა პოლიციას, ზოგადად, კონკრეტული ქმედების განხორციელების უფლება და არ მსჯელობს, რამდენად სწორად გამოიყენა მან კანონით მინიჭებული უფლება განსახილველ შემთხვევაში. ნორმის ამგვარი განმარტება სახიფათოა და ხელს უწყობს პოლიციელთა თვითნებური ქცევის წახალისებას. როდესაც პოლიციელი დარწმუნებულია, რომ მისი მოთხოვნის კანონიერებას სასამართლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში არ შეამოწმებს, ეს მას აძლევს შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ დააკავოს პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით. საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის იმგვარი განმარტება, როგორც ეს სასამართლო პრაქტიკით ხდება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას სამართლიან სასამართლოზე.

 

ბანერები