სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო დისკუსია „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა და განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები“

დისკუსიები

14 ივლისს, 18:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა და განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები“.

საჯარო დისკუსია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით.

ღონისძიებაზე ნებისმიერი ფორმატით დასწრების მსურველებს გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/bddcumx5  

30 მაისს ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკამ პლატფორმა „სალამთან“ თანამშრომლობით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარადგინა ანგარიში საქართველოს მიერ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის, აზერბაიჯანული თემის, უფლებათა დარღვევის შესახებ.

ქართულ ენაში მომზადების „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“ განკუთვნილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სურთ.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა საქართველოს მოქალაქის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და სომხურენოვანი ტესტის წარმატებით ჩაბარება.

სტუდენტთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, სახელმწიფო გრანტი ზოგადი უნარების გამოცდის საფუძველზე მხოლოდ 100 სტუდენტზე გაიცემა და სასკოლო პროგრამების გაუმართაობის გამო 1 წლის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადების კურსი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლებას პროფესიული მიმართულებით.

დისკუსიაზე მომხსენებლები იმსჯელებენ საქართველოს განათლების სისტემაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე არსებულ სისტემურ გამოწვევებზე, გაეროში წარდგენილი ანგარიშის შინაარსობრივ მხარესა და შეთავაზებულ რეკომენდაციებზე.

მომხსენებლები:

  • ბრიჯიტ არიმონდი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი, პრიცკერის სამართლის სკოლა (ჩიკაგო, აშშ);
  • ქამრან მამადლი, პლატფორმის „სალამი” თანადამფუძნებელი;
  • მანუჩარ ცეცხლაძე, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

მოდერატორი

  • ანა აფციაური, ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის კოორდინატორი და იურისტი

2022 წელი

 

 

 

ბანერები