სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია

ღონისძიებები

2021 წლის 21 ივნისს, 12:00 საათზე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში (UNHCR) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს ერთობლივად აღნიშნავენ.  ამ დღეს ეძღვნება საჯარო ონლაინლექცია. ღონისძიების მიზანია იძულებით გადაადგილებული ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დისკუსიის გამართვა და მასში სტუდენტების აქტიური მონაწილეობა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა მოკლე პრეზენტაციებით გაგიზიარებთ საქართველოში ლტოლვილთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს, მათ შორის განიხილავენ ლტოლვილთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას. ლექცია ასევე შეეხება მსოფლიოში ლტოლვილთა დაცვის მიმდინარე ტენდენციებს, საერთაშორისო თანამშრომლობის გლობალურ ღონისძიებებსა (ლტოლვილთა შესახებ გლობალური კომპაქტი) და ლტოლვილთა დაცვის საკითხებში ევროკავშირში განვითარებულ მოვლენებს.

მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა გაიცნონ UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კემლინ ფურლე, რომელიც მიესალმება მონაწილეებს, ხოლო ლექციებს წაიკითხავენ იოჰან ფრანცი, UNHCR-ის უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, და სალომე ქუსიკაშვილი, UNHCR-ის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველი წლის 20 ივნისს აღინიშნება, ემსახურება ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მსოფლიოში მილიონობით იძულებით გადაადგილებული ადამიანის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. სულ მსოფლიოს მასშტაბით 80 მილიონი ადამიანია, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი. მათ შორის თითქმის 26,3 მილიონი ლტოლვილია, რომელთა ნახევარზე მეტი 18 წლამდეა.

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებსა და ლექტორებს.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ/ქართულ ენებზე (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი).

ერთად ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია.

COVID-19 პანდემიამ თანადგომა და ერთმანეთზე ზრუნვა გვასწავლა. ყველას, ლტოლვილების ჩათვლით, გვქონდა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ერთად შეგვიძლია შევქმნათ უფრო ძლიერი, უსაფრთხო და უკეთესი სამყარო.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3wvOxfI

 

2021 წელი

ბანერები